სალომე სამადაშვილი - მივესალმები, რომ დავით გარეჯის საკითხი კონსტრუქციულად გადაიჭრას, რადგან ეს სახელმწიფოს ინტერესებში შედის
სალომე სამადაშვილი - მივესალმები, რომ დავით გარეჯის საკითხი კონსტრუქციულად გადაიჭრას, რადგან ეს სახელმწიფოს ინტერესებში შედის

ოპოზიციონერი დეპუტატის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, მრავალი წლის მანძილზე, ხელისუფლების მიერ დავით გარეჯის პრობლემა უგულებელყოფილი იყო და ქვეყანამ ამის შედეგებიც მოიმკო.

ჟურნალისტებთან საუბარში სალომე სამადაშვილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებით სახელმწიფო ინტერესებს მთავარი ზიანი „ქართულმა ოცნებამ“ და პრეზიდენტმა მიაყენეს.

„თუ მთავრობას პრეტენზიები ვინმესთან აქვს, შეუძლია, საკუთარ პოლიტიკურ რიგებში მოიკითხოს, ამაზე ვინ არის პასუხისმგებელი. მივესალმები, რომ საკითხი კონსტრუქციულად გადაიჭრას, რადგან ეს სახელმწიფოს ინტერესებში შედის. პრობლემის შექმნაზე კი, პოლიტიკური პასუხისმგებლობა, „ქართულ ოცნებასა“ და სალომე ზურაბიშვილს ეკისრებათ”, – დასძინა სამადაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პრემიერის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტით გუშინ აზერბაიჯანში იმყოფებოდა.

გიორგი გახარიამ აზერბაიჯანში ვიზიტი დღეს მთავრობის სხდომაზე შეაფასა და განაცხადა, რომ ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები ხვალიდან გაიხსნება.