სალომე სამადაშვილი - მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, გააგრძელოს საკუთარი პროტესტის ფორმა, მას შეუძლია, იმსჯელოს მნიშვნელოვან თემებზე და ეს არის კარგი
სალომე სამადაშვილი - მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, გააგრძელოს საკუთარი პროტესტის ფორმა, მას შეუძლია, იმსჯელოს მნიშვნელოვან თემებზე და ეს არის კარგი

მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილს ძალიან მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, გააგრძელოს საკუთარი პროტესტის ფორმა, ის დღეს ისეთ მდგომარეობაშია, როდესაც შეუძლია, იმსჯელოს მნიშვნელოვან თემებზე და ეს არის კარგი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩემი სურვილი იყო, მომენახულებინა საქართველოს მესამე პრეზიდენტი. მას გამოცხადებული აქვს შიმშილობა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა არის მთავარი საზრუნავი. მიუხედავად იმისა, რომ მას ძალიან მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, გააგრძელოს საკუთარი პროტესტის ფორმა, ის დღეს ისეთ მდგომარეობაშია, როდესაც შეუძლია, იმსჯელოს მნიშვნელოვან თემებზე და ეს არის კარგი.

მიხეილ სააკაშვილი არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ლიდერი ძალიან ბევრი ადამიანისთვის ამ ქვეყანაში. მისი კეთილდღეობა, ის, რომ პატიმრობაში ყოფნის დროს დაცული იყოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს იყო ერთგვარი გამხნევება. ის არის ადამიანი, რომელიც არის ერთგვარად განსაცდელში. ჩვენი ვალია, მათ შორის ადამიანური, რომ თანაგრძნობა და თანადგომა გამოვხატოთ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც განსაცდელში არიან.

კარგია, რომ პრეზიდენტი ადეკვატურად აფასებს იმ პოლიტიკურ პროცესებს, რაც ქვეყანაში მიდის და თქვენ თავად ნახეთ დღეს მისი განცხადებები. რაც შეეხება არჩევნების მეორე ტურს, ვფიქრობ, ის ძალიან დიდ იმედს ამყარებს იმაზე, რომ მეორე ტურში ოპოზიცია შეძლებს დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვებას ამ გადამწყვეტ არჩევნებში. ვფიქრობ, რომ მას ასევე კარგად ესმის, რომ აუცილებელია ოპოზიციური ერთიანი ფრონტის შენარჩუნება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ამასთან, სამადაშვილის თქმით, მის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების თემაზე ყოფილ პრეზიდენტთან არ უსაუბრია.

„საერთოდ არ გვქონია არანაირი საუბარი. დღეს აქტუალური თემა ჩვენთვის არის, ერთის მხრივ, საერთაშორისო თანამეგობრობის გააქტიურება ქვეყანაში დემოკრატიის დაცვისთვის. მეორე – მოახლოებულ არჩევნებზე ერთიანი კოორდინირებული ფრონტი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება.

ძალიან საინტერესო მოდელია ის, რასაც ნიკა მელუა სთავაზობს მაგალითად თბილისის საზოგადოებას, როდესაც მუნიციპალიტეტის დონეზე ჩვენ მართლაც შეიძლება, შემოვიტანოთ კოალიციური მმართველობის ელემენტი. ეს არის მნიშვნელოვანი გარღვევა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. მიმაჩნია, რომ ეს არის თანამშრომლობის ის ფორმატი, რომელიც სამომავლოდ უზრუნველყოფს ჩვენს ქვეყანაში ივანიშვილის ერთპარტიული ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხებას და დემოკრატიულ გარღვევას ქვეყნის ცხოვრებაში“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.