სალომე სამადაშვილი - მიშელთან ვისაუბრეთ ხელისუფლებაზე ზეწოლის მექანიზმების გაძლიერებაზე, დარწმუნებული ვარ, ევროპული მხრიდან სანქციებზე სერიოზულ მსჯელობას ვიხილავთ
ოპოზიციონერი დეპუტატის სალომ სამადაშვილის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი კარგად აცნობიერებს, რამხელა გეოპოლიტიკური გამოწვევის წინაშე დგას დღეს საქართველო და ქვეყნის დემოკრატიული მომავალი.
„ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ იმ მოვლენებზე, რაც ქვეყანაში 5 ივლისს განვითარდა.კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს პრეტენზია, გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, უკანასკნელ კვირებში მომხდარი მოვლენები არის არა მხოლოდ ჩვენი საგრძნობლად უკან დახევა ევროპული დღის წესრიგიდან, არამედ საფრთხეს უქმნის ამ დღის წესრიგის რეალიზება“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.
მისივე თქმით, შარლ მიშელს კარგად ესმის, რომ დოკუმენტი, რომელსაც პარტიების წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს, საქართველოში დემოკრატიული ცვლილებების უზრუნველყოფის საფუძველი და ქვაკუთხედია.
„მათ შორის დემოკრატიული არჩევნების გზით, ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის. ამიტომ ჩვენ გვქონდა საუბარი ყველა იმ პრობლემაზე, რომელსაც დღეს აწყდება ამ დოკუმენტის შესრულება ხელუსუფლების მხრიდან. ჩვენ დარწმუნებული ვართ, მოვისმენთ შესაბამისს შეფასებებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტისგან.
ჩვენ გვქონდა საუბარი იმაზე, რომ უნდა გაძლიერდეს ზეწოლის მექანიზმები ხელისუფლებაზე, რომელიც ღიად და აშკარად ფაქტობრივად უარს ამბობს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ უახლოეს მომავალში ვიხილავთ ევროპული მხრიდან შესაბამისი სანქციების ამუშავებაზე უკვე სერიოზულ მსჯელობას, როდესაც სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნისთვის განკუთვნილი დახმარება პირობითობის პრინციპის დაცვით შესაძლოა, შეჩერებული იქნას იმ პრობლემების გამო, რომელიც შეიქმნა მათ შორის მიშელის დოკუმენტის იმპლემენტაციის თვალსაზრისით.
ვფიქრობ, თუ არაფერი შეიცვლება და უახლოეს მომავალში „ქართული ოცნება“ აქტიურ ნაბიჯებს არ გადადგამს, რათა მიშელის დოკუმენტის ყველა პუნქტთან მიმართებაში, დაწყებული ამნისტიიდან, დამთავრებული საარჩევნო რეფორმით, არ იქნება გადადგმული ძალიან კონკრეტული ნაბიჯები, შესაძლოა საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ გამოყოფილი დახმარების პაკეტი გადაიხედოს, რადგან ჩვენი ევროპელი მეგობრები არიან უკიდურესად შეშფოთებული იმით, რომ მიშელის დოკუმენტის შესრულებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ პოზიციები მთლიანად, შეიძლება ითქვას, მნიშვნელოვან საკითხებზე აცდენილია იმ შეფასებებს, რაც დღეს აქვს ერთი მხრივ დოკუმენტზე ხელმომწერ ოპოზიციას და მეორე მხრივ ჩვენს ევროპელ კოლეგებს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.