სალომე სამადაშვილი - მიშელის დოკუმენტი კონსენსუსის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებებს ითვალისწინებს, გთხოვთ, ამნისტიის კანონპროექტზე მსჯელობისას ეს მხედველობაში იქონიოთ
ოპოზიციონერი დეპუტატის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, გაუგებარია, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესებს თუ გაერიდა, მაშინ რატომ ერევა ამ პროცესში.
სამადაშვილის შეფასებით, ივანიშვილი ქვეყნის არაფორმალურ მმართველად რჩება.
„რა იყო ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი მორიგი გზავნილი, რომელიც საზოგადოებამ მოისმინა? მე მართლა არ მესმის, ვინ არის ეს პიროვნება და რა პოზიცია უჭირავს დღეს მას ჩვენს ქვეყანაში. ვერ გავიგე, სულიერი ლიდერია, სასულიერო ლიდერი არის ჩვენი ქვეყნის და ფატვას გზავნილებს აკეთებს დრო და დრო, ჭკუას გვარიგებს საზოგადოებას, თუ გაერიდა პოლიტიკურ პროცესს, მაშინ რატომ ერევა პოლიტიკურ პროცესში და საერთოდ, რა არის მისი ფუნქცია დღევანდელ ჩვენს სახელმწიფო მართვაში. სამწუხაროდ, ის, რაც ჩვენ გუშინ დავინახეთ, არის ის, რომ მისი ფუნქცია ამ ქვეყანაში რჩება ძალიან მნიშვნელოვნად. ის რჩება ამ ქვეყნის არაფორმალურ მმართველად. იმ არაფორმალურ მმართველად, რომელიც იღებს კვლავ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.
ამასთან, სამადაშვილის განმარტებით, ნატო-ში გაწევრიანების შესახებ დღევანდელ დეკლარაციას ხელს მოაწერს, თუმცა ამბობს, რომ „არაფორმალური, ოლიგარქიული მმართველობის მქონე ქვეყანა ნატო-სა და ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება და თავს ნუ მოიტყუებენ“.
გარდა ამისა, სალომე სამადაშვილის განცხადებით, მიშელის დოკუმენტი კონსენსუსის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებებს ითვალისწინებს, ამიტომ კოლეგებს მოუწოდებს, ამნისტიის კანონპროექტზე მსჯელობისას ეს მხედველობაში იქონიონ.
მაშინ, როდესაც თქვენ სრულიად ჩამოშალეთ სახელმწიფო მართვის ინსტიტუტები, მინდა, დღეს ამ დარბაზიდან განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა სახალხო დამცველს, რადგან სახალხო დამცველი დღეს არის ერთადერთი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც მუშაობს. ეს ასევე არის ერთადერთი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომლის ხელმძღვანელი ჩვენ წინა მოწვევის პარლამენტში კონსენსუსის გზით დავამტკიცეთ. მე მსურს, შევახსენო მათ, ვინც იყვნენ წინა მოწვევის პარალამენტში, რომ ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ჩვენ – ოპოზიციამ და ხელისუფლებამ ერთად დავუჭირეთ მხარი სახალხო დამცველის კანდიდატს, ეს აღმოჩნდა სწორი გადაწყვეტილება. მიშელის დოკუმენტი სწორედ მსგავს, კონსენსუსის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებებს ითვალისწინებს და, გთხოვთ, ეს იქონიოთ მხედველობაში, როდესაც დღეს გავაგრძელებთ მსჯელობას ამნისტიის კანონპროექტზე“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.