სალომე სამადაშვილი - მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის მიმართ არ არსებობს ნდობა, არც საერთაშორისო პარტნიორებში და არც ქვეყნის შიგნით
ოპოზიციონერი დეპუტატის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, იმ პირობებში, როცა ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლო არ არსებობს და პროკურატურა გადაქცეულია პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის მიმართ არ არსებობს ნდობა, არც საერთაშორისო პარტნიორებში და არც ქვეყნის შიგნით.
როგორც ჟურნალისტებს სამადაშვილმა განუცხადა, ეს არის ერთგვარი შოუ, რომელიც ხელისუფლების მხრიდან დადგმულია პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ.
„კარგია, რომ მიხეილ სააკაშვილს შესაძლებლობა ეძლევა, გამოიყენოს ეს სხდომა იმისთვის, რომ საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს საზოგადოების წინაშე, თუმცა მინდა, ყველას შევახსენო, რომ ეს კონსტიტუციური უფლებაც კი, საკუთარ სასამართლოზე დასწრების, სააკაშვილმა მოიპოვა მხოლოდ საერთაშორისო წნეხის შედეგად, რაც უკვე მაჩვენებელია იმის, თუ სად არის ხელისუფლება, კანონის უზენაესობა, ადამიანების უფლებების დაცვა, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის უფლებები. არ მიმაჩნია, რომ სახელმწიფო ან პოლიტიკური თანამდებობა არის იმუნიტეტი ვინმესთვის, ჩემთვის ან ნებისმიერი სხვა ადამიანისთვის. პრობლემა არის იმაში, რომ ქვეყანაში არ არსებობს კანონის უზენაესობა, შერჩევითია სამართალი და პოლიტიკური მართლმსაჯულებაა, რომელსაც ხელისუფლება იყენებს იმ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, ვისაც საჭიროდ თვლის, რომ სამართლებრივად შეავიწროვოს. ცხადია, აქ არანაირი ნდობა არ არსებობს იმ სამართლებრივ ფაბულაზე, რაც ხელისუფლებამ შექმნა კონკრეტულ საქმეზე, რაც არის რეალურად გამოწვევა. ასეთ სამართლებრივ რეჟიმში ბრალდების შინაარსს მნიშვნელობა ეკარგება და არანაირი შინაარსი არ აქვს“, – განაცხადა სამადაშვილმა.