სალომე სამადაშვილი - მერკელის შეშფოთების საგანია, რომ საქართველოში სიღარიბე იზრდება და დაინტერესდა, რა შეიძლება გაკეთდეს ამ რეალობის შესაცვლელად
მერკელის შეშფოთების საგანია, რომ საქართველოში სიღარიბე იზრდება და დაინტერესდა, რა შეიძლება გაკეთდეს ამ რეალობის შესაცვლელად, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„შესაძლებლობა გვქონდა, არაფორმალურ გარემოში გვესაუბრა იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დგას ოპოზიცია ამ ქვეყანაში. ვისაუბრეთ პოლიტიკურ დევნაზე, პოლიტიკურ პატიმრებზე, რომ რეალურად საქართველო ემსგავსება კიდევ ერთ ოლიგარქიულ ქვეყანას პოსტსაბჭოთა სივრცეში. ვისაუბრეთ იმაზე, რომ ამ პოლიტიკური სისტემის შეცვლის გარეშე საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მომავალს საფრთხე ემუქრება. კანცლერი დაინტერესდა ძალიან დეტალურად, როგორც ჩვენი შეხედულებებით, რაც შეეხება პოლიტიკური სივრცის თავისუფლებას, მასმედიის მდგომარეობას საქართველოში, ასევე დაინტერესდა ჩვენი ხედვით ეკონომიკურ ვითარებასთან მიმართებაში. მისი შეშფოთების საგანია, რომ ქვეყანაში სიღარიბე რეალურად იზრდება და დაინტერესდა ჩვენი ხედვით, თუ რა შეიძლება გაკეთდეს, რომ ეს რეალობა შეიცვალოს უკეთესობისკენ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
მისივე თქმით, კანცლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
„მას არანაირი ილუზია არ აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორია რუსეთის როლი რეგიონში. თუმცა, ჩვენი ხედვა არის, რომ ევროატლანტიკურ სივრცეში სწრაფი ინტეგრაცია იქნება ერთადერთი გზა სტაბილიზაციისთვის რეგიონში. ჩვენ რამდენადაც მივხვდით, გერმანული მხარე მსგავს ძლიერ გზავნილებს დღევანდელი ხელისუფლებისგან არ იღებს.
სანქციებთან დაკავშირებით კანცლერის პოზიცია არის, რომ ამ რეჟიმის შენარჩუნება მნიშვნელოვანია რუსეთთან მიმართებაში. მიუხედავად იმისა, რომ მასზე საკმაოდ დიდი ზეწოლა ხორციელდება ბიზნეს წრეებიდან გერმანიაში, მისი პოლიტიკური ხედვა ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით არის რეალისტური. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, წარგვედგინა არგუმენტები, თუ რატომ არის ევროპის უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სანქციების გაღრმავება“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ანგელა მერკელი დღეს „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შეხვდა.