სალომე სამადაშვილი - მადლობა თქვას კობა გვენეტაძემ, რომ შესაძლებლობას ვაძლევთ, საჯაროდ აუხსნას საზოგადოებას, რა ხდება ჩვენს თავს
ვალს კი ნუ გვადებთ, აქ რომ ხართ, მადლობა გვითხარით, რომ შესაძლებლობას გაძლევთ, საჯაროდ აუხსნათ საზოგადოებას, რა ხდება ჩვენს თავს, – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს.
სალომე სამადაშვილის თქმით, კობა გვენეტაძე ვერ აცნობიერებს, რა პოზიცია უკავია და ვის წინაშეა ანგარიშვალდებული.
„ბატონო კობა, მე არ მესმის, თქვენ ვერ ხვდებით სად იმყოფებით ახლა? იმყოფებით ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო და წარმომადგენლობით ორგანოში და ესაუბრებით ხალხის არჩეულ წარმომადგენლებს, რომლებიც ცდილობენ, გაერკვიონ, რა ხდება ჩვენს სახელმწიფოში, როდესაც თქვენს დაქვემდებარებაში მყოფი უწყება გამოიყენება როგორც ჩანს, საჯარო და სახალხო ინტერესების წინააღმდეგ. ამიტომ ვალს კი ნუ გვადებთ აქ რომ ხართ, მადლობა გვითხარით, რომ შესაძლებლობას გაძლევთ, საჯაროდ აუხსნათ საზოგადოებას, რა ხდება ჩვენს თავს.
კომიტეტის მუშაობის ფორმატი არსებობს სხვადასხვა. ამიტომ ახლა ძალიან გთხოვთ, საზოგადოებას ნუ შეიყვანთ შეცდომაში, რომ ფორმატი არ მოგცემთ შესაძლებლობას, გასცეთ პასუხი ჩვენს ძალიან მწვავე შეკითხვებს. თუ არსებობს ინფორმაცია, რომელიც არ შეგიძლიათ საჯაროდ გასცეთ, ასევე არსებობს დახურული ფორმატი. შეგვიძლია დავხუროთ სხდომის ნაწილი, მაგრამ სანამ ყველა შეკითხვას არ გასცემთ პასუხს, რომელიც ჩვენ დაგვიგროვდა და საერთოდ განიხილავდით, რომ აქ არ მოსულიყავით, ეს აჩვენებს იმას, რომ თქვენ ვერ აცნობიერებთ, რა პოზიცია გიკავიათ და ვის წინაშე ხართ ანგარიშვალდებული.
ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე კი არ ხართ, პარლამენტის წინაშე, როგორც გამტარი რგოლის, ქართველი ხალხის, რომელიც გიხდით ხელფასს; ბიძინას დაქვემდებარებული ვიღაც საჯარო მოხელე კი არ ხართ, ქართველ ხალხს და სახელმწიფოს უნდა ემსახუროთ. ამასთან დაკავშირებით გვაქვს ჩვენ დღეს აქ შეკითხვები. ასე რომ, ძალიან გთხოვთ, ტონი შეარჩიოთ. აქ დარჩებით იქამდე, სანამ პასუხს არ გასცემთ ჩვენს ყველა შეკითხვას, ეს შეკითხვები იქნება იმ საკითხებზე, რომელიც ჩვენთვის და ქართველი ხალხისთვის არის საინტერესო და არა იმაზე, რაც თქვენ გინდათ, რომ აქ დაისვას“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
საქართველოს პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც ესწრება ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, ასევე ესწრებიან „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძეც. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ რეგულატორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების პარლამენტის კომიტეტზე განხილვა და კითხვის ნიშნის ქვეშ დასმა, რეგულატორის დამოუკიდებლობაზე იერიშის მიტანა და მასზე გავლენის მოხდენის მცდელობაა. მან განმარტა, რატომ არ მიაჩნია მიზანშეწონილად „თიბისი ბანკის“ საკითხის პარლამენტში განხილვა.