სალომე სამადაშვილი - კონსულტაციის რეჟიმში ვიმყოფებით საერთაშორისო პარტნიორებთან, ვცდილობთ გავარკვიოთ, რა სახის გარანტიები შეიძლება იყოს მიღებული გიორგი რურუას გათავისუფლების თაობაზე
სალომე სამადაშვილი - კონსულტაციის რეჟიმში ვიმყოფებით საერთაშორისო პარტნიორებთან, ვცდილობთ გავარკვიოთ, რა სახის გარანტიები შეიძლება იყოს მიღებული გიორგი რურუას გათავისუფლების თაობაზე

ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ სრულად შესრულდეს 8 მარტის შეთანხმების ყველა პუნქტი, მათ შორის გიორგი რურუას გათავისუფლება. მუდმივ რეჟიმში ვართ კონტაქტში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და ვცდილობთ გავარკვიოთ, რა სახის გარანტიები შეიძლება იქნას მიღებული გიორგი რურუას გათავისუფლების თაობაზე და შესაბამისად, ვიმყოფებით კონსულტაციის რეჟიმში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები გაუგებარია, როდესაც ამბობენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად საკმარისი ხმები აქვთ, თუმცა ამავდროულად, აცხადებენ, რომ ოპოზიციამ მხარი თუ არ დაუჭირა, შეიძლება ცვლილებები, ჩავარდეს.

„საბოლოო ჩვენი პოზიციის თაობაზე, მე ამ წუთში მზად არ ვარ, რომ რაიმე გითხრათ. თუმცა აქვე მინდა ვთქვა, რომ ცოტათი გაუგებარია ხელისუფლების განცხადებები. ერთის მხრივ, ისინი ამბობენ, რომ საკმარისი ხმები აქვთ, რომ მიიღონ საკონსტიტუციო ცვლილება, მეორეს მხრივ საუბრობენ იმაზე, რომ ოპოზიციამ მხარი თუ არ დაუჭირა, შეიძლება ჩავარდეს ეს ცვლილება. რა თქმა უნდა, აქ რჩება ძალიან სერიოზული ეჭვი, რომ ბიძინა ივანიშვილს შესაძლოა, აქვს სურვილი მორიგ ჯერზე მოატყუოს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და საზოგადოება და შესაბამისად, ჩვენ მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის და ქართველი ხალხის ინტერესებში“, – განაცხადა სამადაშვილმა.

მისივე თქმით, საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციები მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად აქვთ მათ იმის განცდა, რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს 8 მარტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს.

„ამ ეტაპზე გვაქვს კონსულტაციები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ საბოლოოდ ჩამოვყალიბდეთ იმასთან დაკავშირებით, მათი მოწოდებები, რომელიც შეეხება 8 მარტის შეთანხმების ყველა პუნქტის შესრულებას, მათი ამჟამინდელი კონსულტაციები საქართველოს ხელისუფლებასთან, რამდენად აძლევს მათ იმის განცდას, რომ ჩვენ შეიძლება, ველოდებოდეთ იმას, რომ მეორე მხარე, ვგულისხმობ საქართველოს დღევანდელ მმართველ პოლიტიკურ ძალას, შეასრულებს ყველა ვალდებულებას, რომელიც აიღეს 8 მარტს.

ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა გააკეთეს ძალიან ნათელი განცხადება, რომ 8 მარტის შეთანხმების ყველა პუნქტი უნდა შესრულდეს. ახლა, ამ პუნქტების შესრულება არ არის დამოკიდებული მხოლოდ ოპოზიციაზე, ხელისუფლებას აქვს აღებული ვალდებულება, გიორგი რურუა გაათავისუფლოს პატიმრობიდან. ამიტომ, დღეს ჩვენ გვაინტერესებს, რა ვითარება არის შექმნილი სწორედ რურუას გათავისუფლებასთან დაკავშირებით და რა შეუძლიათ, რომ ამაზე გვითხრან დამატებით ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა“, – განაცხადა სამადაშვილმა.