სალომე სამადაშვილი - კონსულტაციების შემდეგ ვგეგმავთ, რომ სრულიად ოპოზიციურმა სპექტრმა განცხადება გააკეთოს ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურის მხარდაჭერასთან დაკავშირებით
სალომე სამადაშვილი - კონსულტაციების შემდეგ ვგეგმავთ, რომ სრულიად ოპოზიციურმა სპექტრმა განცხადება გააკეთოს ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურის მხარდაჭერასთან დაკავშირებით

„ნაციონალური მოძრაობა“ ზუსტად ისე ხედავს რუსთავში მაჟორიტარულ არჩევნებს, როგორც ამას ვუყურებთ ჩვენ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა, სადაც ოპოზიციის გამარჯვებას, ქართველი ხალხის გამარჯვებას შეუძლია, სრულიად ახალი პოლიტიკური რეალობა შექმნას, – ამის შესახებ „ლელოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგ, „ლელო“ კონსულტაციებს სხვა ოპოზიციურ პარტიებთანაც გამართავს, რათა მათ რუსთავის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ბადრი ჯაფარიძეს დაუჭირონ მხარი.

„ამიტომ, ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს დაუჭერს ბადრი ჯაფარიძეს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატობაში რუსთავის ოლქიდან და გავაგრძელებთ შესაბამისად კონსულტაციებსაც სხვა პარტიებთანაც. ჩვენი ამოცანაა, შევქმნათ ფართო კოალიციური ერთიანობა ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურის გარშემო. ჩვენი კარი კონსულტაციებისთვის ღიაა, ყველა შესაბამისი პარტნიორი პარტიისთვის. ჩვენ ვესაუბრებით ყველა პარტნიორ პარტიას, ვესაუბრებით ყველა ოპოზიციური ჯგუფის წარმომადგენლებს, ცალკეულ ოპოზიციონერებს, რადგან ფართო ერთიანობა აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება, ხვალ დაგეგმილ კონსულტაციებს, ხვალ გაგაცნობთ განრიგს შესაბამისი კონსულტაციების. ეს კონსულტაციები უახლოესი რამდენიმე დღე გაგრძელდება, რის შემდეგაც ცხადია, ვგეგმავთ, რომ სრულიად ოპოზიციურმა გაერთიანებულმა სპექტრმა შესაბამისი განცხადება გააკეთოს ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურის მხარდაჭერასთან დაკავშირებით“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.