სალომე სამადაშვილი - კობახიძის განცხადებები საზოგადოების დაცინვა და აბუჩად აგდებაა
რთულია სერიოზული კომენტარის გაკეთება კობახიძის ბოდვით განცხადებებზე. შემიძლია, რჩევა მივცე, რომ მოემზადოს იმ დროისთვის, როდესაც „ქართული ოცნება“ ძალაუფლებას დაკარგავს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
სამადაშვილმა კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადების შესახებ, სადაც ამბობს: „სააკაშვილის ჩამოსვლის მთავარი მიზანი იყო გადატრიალება, რის შემდეგაც, გახარიასთან და „ლელოსთან“ ერთად მოდიოდა ხელისუფლებაში და ერთვებოდა ომში საქართველოს სახელით“.
სალომე სამადაშვილის თქმით, კობახიძის განცხადებები საზოგადოების დაცინვა და აბუჩად აგდებაა.
„რაც შეეხება უფრო სერიოზულ კომენტარს, მე შეკითხვა მაქვს, ანუ ბატონი კობახიძე რას ეუბნება ხალხს, რომ უკრაინამ დაგეგმა ომი, რომელიც დღეს მიმდინარეობს რუსეთთან. ამის პარალელურად, მიხეილ სააკაშვილმა სხვებთან ერთად დაგეგმა მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში და ამ მიზნით დაბრუნდა საქართველოში. ეს თუ ვინმეს მიაჩნია, რომ შეიძლება, იყოს რაციონალური ადამიანის მიერ ნათქვამი ფრაზები, მაშინ, კი ბატონო, სერიოზულ კომენტარს გავაკეთებ. ჩვენს ქვეყანას აქვს ძალიან სერიოზული გამოწვევები და უბრალოდ საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელია კობახიძის განცხადებებზე სერიოზული კომენტარების გაკეთება. კობახიძის დღევანდელი განცხადებები საზოგადოების დაცინვა და აბუჩად აგდებაა“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.