სალომე სამადაშვილი - ხვალ პარლამენტს იბრუნებს ქართველი ხალხი, არც ერთ დეპუტატს არ მივცემთ უფლებას, შევიდეს შენობაში
საქართველოს პარლამენტს ხვალ იბრუნებს ქართველი ხალხი, რომელიც მოაწყობს პარლამენტის პიკეტს, – ამის შესახებ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ხვალიდან არც ერთ დეპუტატს არ მიეცემა პარლამენტში შესვლის საშუალება.
„ეს არ არის მორიგი აქცია, ეს არის ჩვენი გამარჯვება და ჩვენ დღეიდან არ ვაპირებთ დაშლას. აქცია გაგრძელდება და მინდა, დღეს აქედან განვაცხადო, უმჯობესია, არც იფიქროს ივანიშვილის არც ერთმა გოშიამ, რომელსაც დღეს პარლამენტის წევრი ჰქვია, ხვალ ამ შენობაში მოსვლა, რადგან ხვალ საქართველოს პარლამენტს იბრუნებს ქართველი ხალხი, რომელიც მოაწყობს პარლამენტის პიკეტს და ჩვენ არც ერთ დეპუტატს არ მივცემთ უფლებას, შევიდეს შენობაში“, – განაცხადა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას სალომე სამადაშვილმა.
მისი თქმით, საზოგადოებას ახლა დაღლის უფლება არ აქვს და დღეს მიმდინარე ბრძოლა მნიშვნელობით 90-იანი წლების ბრძოლებს არაფრით ჩამოუვარდება.
„მინდა, მოგიწოდოთ, არ დაიღალოთ. ჩვენ არ გვაქვს ახლა დაღლის უფლება. გიგი უგულავა და მე ბავშვობიდან ვდგავართ აქ, ბევრი თქვენგანი მრავალი წელიწადია, აქ ბრუნდებით, რათა დაიბრუნოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობა. მეგობრებო, არ შეგეშალოთ არაფერი, ბრძოლა, რომელშიც ჩვენ დღეს ვართ, თავისი მნიშვნელობით არაფრით ჩამოუვარდება იმ დიდ ბრძოლებს, რომელიც ერთად გავიარეთ 90-იან წლებში, როდესაც შევქმნით თანამედროვე სახელმწიფო ქვეყანაში, რადგან ჩვენ დღეს გვართმევენ მთავარს, ჩვენ სახელმწიფოს, ქვეყანას, ამიტომ არ გვაქვს დაღლის უფლება. არ გვაქვს უფლება, დავიღალოთ, უკან დავიხიოთ, შეგვეშინდეს. სწორედ ამიტომ, დარწმუნებული ვარ, ყველანი ერთად გავაგრძელებთ აქ დგომას“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.