სალომე სამადაშვილი - ხვალ ისტორიული შეთანხმების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი დღეა და ბევრი რამ გვაქვს დასაგეგმი
ხვალ იწყება შეთანხმების შესრულების პირველი ეტაპი, მივალთ საქართველოს პარლამენტში, დავრეგისტრირდებით და განხორციელდება გიორგი რურუას შეწყალების აქტი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
„ხვალ ისტორიული შეთანხმების განხორციელების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი დღეა და ბევრი რამ გვაქვს დასაგეგმი. გარდა ამისა, ხვალვე დარეგისტრირდება ამნისტიის კანონპროექტი.
ვაგრძელებთ კონსულტაციებს შინაარსთან დაკავშირებით და ვნახოთ, რა წერტილამდე მივალთ, დარეგისტრირების შემდეგ როგორ განვითარდება მოვლენები. ვნახავთ, რამდენად მოხერხდება პოზიციების შეჯერება დღესვე. თუ ეს დღეს ვერ მოხერხდა, მაშინ გაგრძელდება ამნისტიის კანონპროექტზე შეთანხმების მიხედვით უკვე პარლამენტში. ჩვენი პოზიცია არის ნათელი – ვაპირებთ ამნისტიის კანონპროექტში ჩაიდოს ის, რაზეც შევთანხმდით მოლაპარაკების ფარგლებში. კონკრეტულად კი ის, რომ ამნისტირება შეეხება მიმდინარე საქმეებს, რომლებიც უკვე აღძრულია 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით“- განაცხადა სამადაშვილმა.