სალომე სამადაშვილი - ხელისუფლების ინტერესები რუსეთის ინტერესებისგან სრულიად განუყოფელია, რომელიც ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებას ეწინააღმდეგება
ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების ინტერესები რუსეთის ინტერესებისგან სრულიად განუყოფელია, რომელიც ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებას ეწინააღმდეგება.
ჟურნალისტებთან საუბარში სალომე სამადაშვილი მამუკა ხაზარაძის განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგობას რუსული მედიის მიერ გაკეთებული სიუჟეტებიც ასახავს, რომლებიც ანაკლიის პროექტს თავს ესხმიან.
„ეჭვს არ იწვევს, რომ ხელისუფლება რუსეთიდან მიღებულ დავალებებს ასრულებს, მათ შორის დავალებას შეასრულებენ, რომ ანაკლიის პროექტის განხორციელება ჩაიშალოს. გიორგი გახარიას დასავლეთის პრესა მოიხსენიებს როგორც რუსეთის კაცს საქართველოს მთავრობაში, რომელიც ძალიან ზედმიწევნით მოუსმენს მითითებებს, რომელსაც მოსკოვიდან მიიღებს. საზოგადოება მის გადადგომას ითხოვდა და პრემიერად დაინიშნა, რაც შემთხვევითი არ არის, რადგან ივანიშვილისთვის მნიშვნელოვანია, კმაყოფილი იყოს ჩრდილოელი მეზობელი, ვიდრე ქართველი ხალხი, რადგან საქართველოს ისეთი ხელისუფლება ჰყავს, რომელიც ანგარიშვალდებულია არა ქართველის ხალხის წინაშე, არამედ მოსკოვის. გახარია კონკრეტული დავალებებით არის მოსული, მათ შორის ანაკლიის პროექტის ჩაშლის მითითებით“, – განაცხადა სამადაშვილმა.