სალომე სამადაშვილი ხელისუფლებას ურჩევს, ევროპარლამენტარების წერილს სერიოზულად მოეკიდოს
ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი ხელისუფლებას ურჩევს, ევროპარლამენტარების წერილს სერიოზულად მოეკიდოს.
როგორც ჟურნალისტებს სამადაშვილმა განუცხადა, ევროპარლამენტარების მხრიდან ძალიან სერიოზული გზავნილები გაკეთდა, რადგან საქართველოსა და ევროკავშირის მომავლისთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს დიდი მნიშვნელობა ექნება.
„რეალურად, ეს წერილი ასახავს, რომ ევროკავშირი უკიდურესად შეშფოთებულია ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებით და ამის გამო რეკომენდაციები გასცეს, რაც წერილში ჩაიწერა, რომელიც ფედერიკა მოგერინის გაეგზავნა. შემდეგმა არჩევნებმა შესაძლოა, ევროკავშირისა და საქართველოს შემდეგი ინტეგრაციისთვის გზა გახსნას, ან პირიქით, ამ გზაზე დაბრკოლება და შეფერხება შექმნას. ამიტომ, ხელისუფლების ადგილზე ყველა გზავნილს სერიოზულად მოვეკიდებოდი, რაც წერილშია“, – განაცხადა სამადაშვილმა.
თერთმეტმა ევროპარლამენტარმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ფედერიკა მოგერინის მოუწოდეს, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობაზე ზეგავლენა მოახდინოს.
„პოლიტიკურ სტაბილურობასა და ცივილიზებული პოლიტიკური კონკურენციის უზრუნველყოფას, განსაკუთრებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ფონზე, უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ყველაზე სანდო ორგანიზაციებმა, როგორიცაა ვენეციის კომისია, საქართველოს სანდო სადამკვირვებლო და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, როგორიცაა „სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ მთავარ სისტემურ პრობლემად საქართველოს შერეული საარჩევნო სისტემა დაასახელეს. მოქმედი მთავრობის გადაწყვეტილებამ, რომ სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედება 2020 წლის ნაცვლად 2024 წლისთვის გადავადდეს, ყველა დაინტერესებული მხარის მხრიდან დიდი კრიტიკა გამოიწვია, განსაკუთრებით სამოქალაქო საზოგადოებაში“, – აცხადებენ ევროპარლამენტარები.