სალომე სამადაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, არჩევნებთან დაკავშირებით დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციები შეასრულოს
სალომე სამადაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, არჩევნებთან დაკავშირებით დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციები შეასრულოს

ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, არჩევნებთან დაკავშირებით ის რეკომენდაციები შეასრულოს, რომელიც ქვეყანას აშშ-მ, ევროკავშირმა და ევროსაბჭომ მისცეს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სამადაშვილმა განაცხადა, საქართველოს რამდენიმე მაღალი დონის დელეგაცია ეწვია ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროპიდან, ვიზიტების მთავარი თემა კი საქართველოში ჩასატარებელი არჩევნების მომავალი იყო.

„ამერიკამ, ევროკავშირმა და ევროსაბჭომ ხელისუფლებას კონკრეტული რეკომენდაციების სია წარუდგინეს, რისი განხორციელებაც უახლოეს კვირებში უნდა დაიწყოს, რომ შემდეგი არჩევნები სამართლიანად და ლეგიტიმურად ჩაითვალოს. ეს გზავნილი იმას ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილს დასავლეთმა უთხრა, რომ თუ საქართველოს სურს ევროპული სახელმწიფო იყოს, დემოკრატიული არჩევნები უნდა ჩაატაროს. ისინი ეუბნებიან იმასაც, რა უნდა გააკეთოს ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც რუსეთიდან იღებს ინსტრუქციებს. სწორედ ამ ინსტრუქციების შესრულებაა მორიგი თავდასხმა „რუსთავი 2“-ზე, მოსამართლეების არჩევა. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილისთვის ის რეკომენდაციები უფრო მნიშვნელოვანია, რაც მოსკოვიდან მოდის, ვიდრე პარტნიორები აძლევენ.

ევროპელი პარტნიორების რეკომენდაციების იგნორირება ქვეყნას იზოლაციაში მოაქცევს. თუ ქვეყანა ამ რეკომენდაციებს არ შეასრულებს, საქართველო უარს იტყვის დასავლურ ინტეგრაციაზე“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა. დეპუტატი განმარტავს, რომ რეკომენდაციებში საუბარია იმაზე, რომ ამომრჩევლის დაშინება, ზეწოლა და მოსყიდვა ხდება.