სალომე სამადაშვილი - ხელისუფლება ჩვენი მოქალაქეების უფლებების დასარღვევად პანდემიას ვერ გამოიყენებს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას უკიდურესად ეშინია მოახლოვებული არჩევნების, რადგან საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობის ცხოვრება ყოველდღიურად უარესდება და მძიმდება.
„ამიტომ, რა თქმა უნდა, არ მიკვირს, რომ დაიწყო საუბარი არჩევნების შესაძლო გადადებაზე. მაგრამ მინდა, ცალსახად ვთქვა, პირველ რიგში საქართველოს კონსტიტუცია ადგენს, როდის უნდა ჩატარდეს ქვეყანაში არჩევნები. ხელისუფლება ვერავითარ შემხვევაში ვერ გამოიყენებს პანდემიას საქართველოს კონსტიტუციის და ჩვენი მოქალაქეების უფლებების დასარღვევად“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა და დასძინა, რომ როცა არ უნდა ჩატარდეს არჩევნები, ის მაინც „ქართული ოცნების“ დამარცხებით დასრულდება.
„რაც შეეხება არჩევნებს, როდესაც არ უნდა ჩატარდეს არჩევნები – ხვალ, ზეგ, ოქტომბერში, თუ ერთი თვის შემდეგ, „ქართულ ოცნებას“ გარდაუვალი პოლიტიკური კრახი ელოდება. ამიტომ რაც უფრო ნაკლები წინააღმდეგობის გზით წავა დღეს ბიძინა ივანიშვილი და მისცემს დემოკრატიულ პროცესს შესაძლებლობას, რომ მიიყვანოს ქვეყანა იქამდე, რისთვისაც ქვეყანა დღეს მზად არის, პოლიტიკური ცვლილებებისთვის, მით უკეთესი იქნება ბიძინა ივანიშვილისთვის“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ თუ კი ვირუსის მეორე ტალღა დაემთხვა არჩევნებამდე პერიოდს, შეიძლება, არჩევნები არ ჩატარდეს ოქტომბერში, მაგრამ ჩატარდება, პირობითად, დეკემბერში.