სალომე სამადაშვილი - ივანიშვილს არეულობის გარეშე, არჩევნების გზით გავისტუმრებთ
ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ უკვე აბსურდულ განცხადებებს აკეთებენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე თავს ესხმის „ნაციონალურ მოძრაობას“ და „რუსთავი 2“-ს.
„ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ უკვე აბსურდულ განცხადებებს აკეთებენ, რადგან ივანიშვილი სერგეი ლავროვს პირდაპირ ეხმიანება და მისი დავალებით, თავს ესხმის „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „რუსთავი 2“-ს, პროდასავლურ მასმედიასა და პროდასავლურ პოლიტიკურ ძალას. ეს მაშინ, როცა პარლამენტში მისმა მართულმა პოლიტიკურმა ძალამ იმუნიტეტი მოუხსნა საკუთარ კოლეგას, რათა გზა გაუხსნას მის წინააღმდეგ სამართლებრივ დევნას, რაც რუსეთის პირდაპირი მოთხოვნა იყო“, – განაცხადა სამადაშვილმა.
დეპუტატის შეფასებით, ამ ფონზე თითის გაშვერა, რომ ვინმე საქართველოში რუსეთის დავალებებს ასრულებს, უტიფრობაა.
„ამ ფონზე ვინმეს მიმართ თითის გაშვერა და იმაზე საუბარი, რომ საქართველოში ვინმე რუსეთის დავალებებს ასრულებს, არის უტიფრობის ისეთი გამოვლენა, რაც არ მახსენდება. საქართველოს დღეს მართავს რუსეთიდან მართული ქართული წარმომავლობის რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და მისი პოლიტიკური ძალა. ეს საზოგადოებამ 20 ივნისს დაინახა და ამიტომ გავისტუმრებთ ივანიშვილს არეულობის გარეშე, არჩევნების გზით. შეუძლიათ, რუსეთში წავიდნენ ან სხვაგან“, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა.