სალომე სამადაშვილი - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იმაზე უნდა ვისაუბროთ, რაც საზოგადოებას აწუხებს და არა იმაზე, რაც ეკა ბესელიას აწყობს
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იმაზე უნდა ვისაუბროთ, რაც საზოგადოებას აწუხებს და არა იმაზე, რაც ეკა ბესელიას აწყობს – ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განუცხადა, რომელსაც ეკა ბესელიამ კომიტეტის სხდომა დაატოვებინა.
სამადაშვილის თქმით, საზოგადოება სრულ შოკშია ჩავარდნილი, რასაც ისმენს.
“სად ვცხოვრობთ საერთოდ? იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ზედამხედველობა პირდაპირ ევალება სწორედ იმ უწყებებზე, რომლებიც აღმოჩნდა, რომ კრიმინალურ საქმიანობაში არიან ჩართული. კომიტეტის დღევანდელი სხდომის დაწყება იმ საკითხით უნდა დაწყებულიყო, რას აპირებს პარლამენტი, რომელსაც საზედამხედველო ფუნქცია აქვს. ჩანაწერებით, ეკა ბესელია კორუფციულ საქმიანობაშია დადანაშაულებული და მან კომიტეტს ამ საკითხებზე მსჯელობის საშუალება არ მისცა და სხდომის დატოვება მომიწია, რადგან
ფარსში მონაწილეობას არ მივიღებდი”, – განაცხადა სამადაშვილმა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ოპოზიციონერ დეპუტატს სალომე სამადაშვილს კომიტეტის სხდომა დღეს დაატოვებინა. სხდომაზე სალომე სამადაშვილმა და ირაკლი აბესაძემ მირზა სუბელიანისა და ვიქტორ ჯაფარიძის ჩანაწერებთან დაკავშირებით პარლამენტის მხრიდან რეაგირება და საკითხზე მსჯელობა მოითხოვეს. ამის შემდეგ ოპოზიციონერ დეპუტატებსა და უმრავლესობის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო და მათ ერთმანეთს შეურაცხმყოფელი სიტყვებითაც მიმართეს.