სალომე სამადაშვილი ირაკლი ოქრუაშვილისა და გუბაზ სანიკიძის პარტიასთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს
ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი არ გამორიცხავს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ირაკლი ოქრუაშვილისა და გუბაზ სანიკიძის პარტიასთან ითანამშრომლოს. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მზადაა, ყველასთან ითანამშრომლოს, ვისაც სურს, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი დასრულდეს.
„იმ თემების გარშემო, რომელიც აუცილებელია, რომ ქვეყანაში დემოკრატია გადავარჩინოთ, როგორიცაა საარჩევნო სისტემის ცვლილება, თანამშრომლობა ყველა იმ პოლიტიკურ ძალას შორის უნდა შედგეს, რომელსაც ცხოვრება დემოკრატიულ და ევროპულ სახელმწიფოში სურს. ჩვენი წითელი ხაზი აქ გადის. არჩევნებისთვის შესაბამისი სისტემის შექმნის თემაზე „ნაციონალური მოძრაობა“ მზადაა, ყველასთან ითანამშრომლოს, ვისაც სურს, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი დასრულდეს. ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი გვჭირდება, რომელიც ერთიანი ფრონტით უნდა დაუპირისპირდეს ბიძინა ივანიშვილს, რომ არჩევნების უფლება აღვიდგინოთ. ყველას ჩვენი პოლიტიკური წარსული გვაქვს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არაერთხელ განაცხადა, რომ კონცენტრირება მომავალზე უნდა გავაკეთოთ, რომელიც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე წარსული. მნიშვნელოვანია, რომ ბიძინა ივანიშვილს გაერთიანებული ძალებით დავუპირისპირდეთ და ვაიძულოთ, ქვეყანაში თამაშის წესები შეცვალონ, რადგან თუ ცხოვრება ამ თამაშის წესებით გაგრძელდა, არა მხოლოდ დემოკრატია დაიღუპება, არამედ თითოეული დღე უარესი იქნება“, – აცხადებს სალომე სამადაშვილი.
ირაკლი ოქრუაშვილის, გუბაზ სანიკიძის, კოტე კემულარიასა და ვალერი გელბახიანის ახალი პოლიტიკური გაერთიანების პრეზენტაცია დღეს გაიმართება.