სალომე სამადაშვილი - სააკაშვილმა მართალი თქვა, შემეშვით, თავად მივხედავ ჩემს საქმესო, მაგრამ ასევე სწორი იქნება, აღარ გაიმეოროს, ოპოზიციას თუ უნდა, მითხრან, ჩამოვალო, ვერავინ ეტყვის, ვერც დაუშლის
იმედია, ხალხს, ვისაც გუშინ მიშას ტრანსპარანტები ეჭირა, ესმის, რომ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას ოპოზიციაში ვერავინ შეეწინააღმდეგება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
სამადაშვილი აცხადებს, რომ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხი თავად მიხეილ სააკაშვილის გადასაწყვეტია.
„იმედია, ხალხს, ვისაც გუშინ მიშას ტრანსპარანტები ეჭირა, ესმის, რომ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას ოპოზიციაში ვერავინ შეეწინააღმდეგება. ტექნოლოგიურად არ შეუძლიათ, არ აქვთ ამის პოლიტიკური და იურიდიული ბერკეტი, რომც უნდოდეთ. ასევე, ვერ „ჩამოიყვანენ“, სურვილის შემთხვევაში. ვერავინ ეტყვის, გარისკოს საკუთარი სიცოცხლე და თავისუფლება, დაბრუნდეს თუ არა, მისი გადასაწყვეტია. როგორც ყველა მძიმე გადაწყვეტილებაში, მარტოდმარტო რომ რჩები შენს თავთან, ისეთი გადაწყვეტილებაა. უკრაინის საზღვრის უკანონო გადაკვეთა ნამდვილად უპერსპექტივოდ მიმაჩნდა. ეს ნაბიჯი არ იყო პოპულარული საერთაშორისო ასპარეზზე და არ ვურჩევდი, თუმცა უკრაინელი ხალხის სიყვარულის მოპოვებაში, მისმა ამ თავგანწირვამაც ითამაშა როლი. ამიტომ, მართალი თქვა, შემეშვითო, თავად მივხედავ ჩემს საქმესო. მაგრამ ასევე სწორი იქნება, აღარ გაიმეოროს, ოპოზიციას თუ უნდა, მითხრან, ჩამოვალო. ვერავინ ეტყვის, ვერც დაუშლის. ის, რომ მას შეუძლია არაორდინალური ნაბიჯების გადადგმა, შესაბამისი პოლიტიკური დივიდენდის და ფასის მომკით, ვიცით. მრჩევლები ნაკლებად სჭირდება. რაც შეეხება მის ჩართვას მიტინგზე, საქართველოში რომ იყოს, სცენაზე არ იდგებოდა? რა პრობლემაა? თუ იმ სცენაზე რომელიმე გამომსვლელს მიაჩნია, რომ მიშას წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა კანონიერი და სამართლინია, მაგით დაიწყოს გამოსვლა და ვნახავთ. ისე, ერთმანეთს ხომ ვიტანთ, მიუხედავად განსხვავებებისა, სააკაშვილის სკაიპით გამოსვლა რა პრობლემაა? მინიმუმ ისეთივე უფლება აქვს, როგორც ყველა სხვას, გამოვიდეს. ტრანსპარანტის დაჭერის უფლებაც არ მეგონა, დასამტკიცებელი თუ გახდებოდა იმ ხალხისთვის, ვინც თავისუფლებისთვის იბრძვის. ასე რომ მშვიდად, მეგობრებო, ბიძინაზე ვკონცენტრირდეთ, აჯობებს“, – წერს სალომე სამადაშვილი.