სალომე სამადაშვილი - „ქართული ოცნება“ შესაბამის პოლიტიკურ ნებას თუ გამოავლენს, უახლოეს მომავალში პროგრესი გვექნება
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ სალომე სამადაშვილის შეფასებით, მოლაპარაკებების პროცესი წარმატებით დასრულდება და მას ამის ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს ის, რომ „ევროკავშირმა საკუთარი პოლიტიკური კაპიტალი დააბანდა ამ პროცესში“.
სამადაშვილის თქმით, მედიატორმა განაცხადა, რომ დარჩება მოლაპარაკების პროცესში იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება შედეგის მიღწევას.
„უპირველეს ყოვლისა, მინდა ვთქვა, რა მაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ ეს პროცესი წარმატებით დასრულდება. ამის საფუძველს მაძლევს უპირველესად ის, რომ ევროკავშირმა საკუთარი პოლიტიკური კაპიტალი დადო ამ პროცესში. ამის ძალიან ნათელი გზავნილი მივიღეთ ჩვენ დღეს, როდესაც მედიატორმა განაცხადა, რომ ის დარჩება ამ პროცესში იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება შედეგის დადებას.
ანუ, თუ „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა რაიმე ილუზია, რომ ევროპულ მხარეს მოსწყინდებოდა მედიაციის პროცესის ბოლომდე მიყვანა, ჩვენ ძალიან ნათლად ვხედავთ, რომ ევროკავშირმა საკუთარ პოლიტიკურ ამოცანად აქცია მედიაციის პროცესის კონკრეტული შედეგით დასრულება.
მინდა, საზოგადოებას ესმოდეს, ოპოზიცია ამ პროცესში მონაწილეობს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ინტერესების დასაცავად, მათ შორის ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის დასაბრუნებლად იმ ფორმით, როგორიც უნდა იყოს ევროპულ სახელმწიფოში. ჩვენ ვაპირებთ, რომ გავაგრძელოთ მონაწილეობა პროცესში, ვიდრე არ მივალთ შედეგამდე. ხელისუფლება, ღარიბაშვილი მიემგზავრება ბრიუსელში. მე ვფიქრობ, ის მიიღებს გარკვეულ გზავნილებს ბრიუსელში ევროპული მხრიდან და ვნახოთ, შესაბამისად როგორ შეიცვლება, თუ არ შეიცვლება „ქართული ოცნების“ პოზიცია, მაგრამ კომპრომისის მიღწევა ცხადია, რომ ორივე მხრიდან მოითხოვს შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
სალომე სამადაშვილის განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ თუ „ქართული ოცნება“ შესაბამის პოლიტიკურ ნებას გამოავლენს, მოლაპარაკებებში უახლოეს მომავალში პროგრესი ექნებათ.
ჩვენ ამ ეტაპზე მედიაციის ძალიან მგრძნობიარე პროცესში დეტალებში შესვლისგან თავს შევიკავებთ. საზოგადოებამ იცის ჩვენი პოზიცია, იცის, რომელია ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის არის პოლიტპატიმრების თემაც და ვადამდელი არჩევნებიც, მაგრამ არა მხოლოდ. გარდა ამისა, არსებობს მთელი რიგი საკითხები, რომელიც უკავშირდება ქვეყანაში ზოგადად პოლიტიკური გარემოს შეცვლას, მათ შორის საარჩევნო გარემოს, ამიტომ ყველა ამ საკითხებზე კომპლექსურად მიდის მსჯელობა და იმედი მაქვს, რომ თუ „ქართული ოცნება“ შესაბამის პოლიტიკურ ნებას გამოავლენს, უახლოეს მომავალში პროგრესი გვექნება“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.