სალომე სამადაშვილი - ანაკლიის პორტის ასაშენებელ კონკურსში ჩინური კომპანია გაიმარჯვებს, რადგან მათთან კორუფციული გარიგება მარტივია, იმდენჯერ მოვისმინეთ, რომ აშენდება, აქამდე კომუნიზმს ააშენებდნენ ლენინი და სტალინი
იმდენჯერ მოვისმინეთ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი აშენდება, მგონი, აქამდე კომუნიზმსაც ააშენებდნენ ლენინი და სტალინი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილს უსმენენ.
სალომე სამადაშვილი დარწმუნებულია, რომ პროექტთან დაკავშირებით გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული ჩინური კომპანია იქნება.
„სამართლებრივი დევნისა და შევიწროების პირობებში, ცხადია, პროექტს შეექმნა პრობლემები. იცით, რომ დღეს მიმდინარეობს შესაბამისი დავა არბიტრაჟში. ამიტომ არ მიკვირს, რომ არცერთ ამერიკულ კომპანიას არ შემოუტანია განაცხადი, არავის სურს ფულის ჩადება ქვეყანაში, სადაც სახელმწიფომ შეიძლება, კონფისკაცია ჩაუტაროს მის ჩადებულ რესურსებს. დარწმუნებული ვარ, ამ კონკურსში გამარჯვებული სწორედ ჩინური განმცხადებელი აღმოჩნდება. ის ხელისუფლება, რომელიც 2019 წელს ამბობდით, რომ 50-მილიონიანი გარანტიის გაცემა, ანუ თეორიული ხარჯი, 50 მილიონი იყო ძალიან სარისკო სახელმწიფოსთვის, დღეს ეუბნებით საზოგადოებას, რომ აპირებთ, ამ პროექტში ასობით მილიონი დახარჯოთ, ხალხის ჯიბიდან ამოღებული ფული. ცხადია, თქვენი და ტარიელ ღარიბაშვილის ფული არ არის. მაინტერესებს, ეს პროექტი თუ ძალიან სარისკო იყო 50-მილიონიანი გარანტიისთვის, დღეს ასობით მილიონის დახარჯვას რომ აპირებთ, აღარ არის სარისკო? სიმართლე მარტივია, ჩინელებთან კორუფციული გარიგება მარტივია და კორუფციისთვის ემზადებით. ეს პროექტი განხორციელდება თუ არა, არ ვიცი, რადგან იმდენჯერ მოვისმინეთ, რომ ანაკლიის პორტი აშენდება, მგონი, აქამდე კომუნიზმსაც ააშენებდნენ ლენინი და სტალინი“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.