სალომე სამადაშვილი - ილია დარჩიაშვილს ერთადერთ რამეს ვეტყვი - დაწერე განცხადება და წადი სახლში, გადადექი
ილია დარჩიაშვილს ერთადერთ რამეს ვეტყვი, დაწერე განცხადება და წადი სახლში, გადადექი, – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
სამადაშვილის თქმით, ქართველი დიპლომატები ყოველთვის უნდა იყვნენ საკუთარი სახელმწიფოს ჯარისკაცები და დღეს მათი გენერალი, საგარეო საქმეთა მინისტრი პარლამენტში ვეღარ მიდის, რადგან ეს პარლამენტი ქართველი ხალხის ნებას აღარ გამოხატავს.
„ილია დარჩიაშვილი დღეს საქართველოს პარლამენტში ვერ მოდის. როცა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ხარ და წარმოადგენ ხელისუფლებას, რომელმაც ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი შეცვალა, ცხადია, პარლამენტში მინისტრი ვერ მოვიდა. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და სახელმწიფოებრიობას ორი მთავარი საყრდენი აქვს. ერთია – ქართული ჯარი და მეორეა – ქართული დიპლომატია. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ორივე სჭირდება. ქართველი დიპლომატები ყოველთვის უნდა იყვნენ საკუთარი სახელმწიფოს ჯარისკაცები და დღეს მათი გენერალი, საგარეო საქმეთა მინისტრი ვეღარ მოდის საქართველოს პარლამენტში, რადგან ეს პარლამენტი აღარ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას. ილია დარჩიაშვილს ერთადერთ რამეს ვეტყვი – დაწერე განცხადება და გადადექი, რადგან ეს ხელისუფლება საკუთარი არსებობის უკანასკნელ თვეებს ითვლის და ის მაინც შეგრჩება შენს ბიოგრაფიაში, რომ ხელი არ მოაწერე ქვეყნის ღალატს გადამწყვეტ მომენტში. დაწერე განცხადება და წადი სახლში“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.