სალომე სამადაშვილი - გრიგოლ ვაშაძე „ნაციონალური მოძრაობისთვის“ დიდი დანაკლისია, თუმცა მისი გადაწყვეტილების მესმის
გრიგოლ ვაშაძე დიდი დანაკლისია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“, თუმცა მესმის მისი გადაწყვეტილების და წარმატებებს ვუსურვებ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა.
სამადაშვილის განმარტებით, ნებისმიერ პარტიას და „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის გამონაკლისი, არჩევნების შემდეგ უწევს მსჯელობა სამომავლო სტრატეგიაზე.
სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ თუ გრიგოლ ვაშაძის გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით უფრო საფუძვლიანი მსჯელობის განვითარებას, კარგი იქნება როგორც პარტიისთვის, ისე მათთვის, ვისაც აღნიშნული პარტია ეიმედება.
„ვფიქრობ, გრიგოლ ვაშაძე დიდი დანაკლისია ენმ-სთვის, თუმცა მესმის მისი გადაწყვეტილების და წარმატებებს ვუსურვებ მას. ცხადია, ნებისმიერ პარტიას და ენმ არ არის გამონაკლისი, არჩევნების შემდეგ უწევს მსჯელობა სამომავლო სტრატეგიაზე. თუ ბატონი გრიგოლის გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით უფრო საფუძვლიანი მსჯელობის განვითარებას, კარგი იქნება პარტიისთვისაც და მათთვისაც, ვისაც ეს პარტია ეიმედება“, – წერს სალომე სამადაშვილი.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პარტია დატოვა.
„ვერ შევეგუები, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდნენ ისეთი ოდიოზური ფიგურები, რომლებიც ჩვენ კარგა ხანია, თითქოს და ჩავაბარეთ წარსულს და, რომლებთან ერთად ვერასდროს, ვიმეორებ, ვერასდროს ვერ მოვიპოვებთ ამომრჩევლის ნდობას“, – განაცხადა ვაშაძემ.