სალომე სამადაშვილი - „გირგვლიანის შესწორებები“ რეალურად შედეგს ვერ მოიტანს
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი ფიქრობს, რომ “გირგვლიანის შესწორებები” რეალურად რაიმე შედეგს ვერ მოიტანს, რადგან ქვეყანაში შესაბამისი კანონის აღსრულების პოლიტიკური ნება არ არსებობს.
როგორც ჟურნალისტებს სამადაშვილმა განუცხადა, მნიშვნელოვანი საკითხი პოლიტიკური ნების არსებობაა, რადგან ყველა შემთხვევა, რომელიც კანონის დარღვევას, სასამართლოზე ზეწოლასა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ეხება, გამოძიებული და დასჯილი უნდა იყოს.
„დღევანდელი ხელისუფლების პირობებში არაერთი საქმე დაგროვდა და პოლიციის მხრიდან ძალის ბოროტად გამოყენებაც ვნახეთ. ასევე სხვადასხვა დანაშაული დაუსჯელი დარჩა და სასამართლო სისტემაში მურუსიძე უვადოდ დაინიშნა. არ ვფიქრობ, რომ ეს ცვლილებები რეალურად რაიმე შედეგს მოიტანს, რადგან ქვეყანაში შესაბამისი კანონის აღსრულების პოლიტიკური ნება არ არსებობს“, – განაცხადა სამადაშვილმა.
“ქართული ოცნება” “გირგვლიანის შესწორებების” თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებებს დღეს დაარეგისტრირებს.