სალომე სამადაშვილი გიორგი კვირიკაშვილს დაკავებული თანამდებობის დატოვებას ურჩევს
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს დაკავებული თანამდებობის დატოვებას ურჩევს.
ჟურნალისტებთან საუბარში სალომე სამადაშვილი რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რუსეთის პასუხი უკიდურესად ცინიკური და დამცინავია.
მისი თქმით, რუსეთის საგარეო უწყების პასუხი გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაზე ადეკვატური ნაბიჯია, რადგან პრემიერ-მინისტრისგან განსხვავებით, რუსეთმა ზუსტად იცის, რომ მის ინტერესებს გულმოდგინედ სხვა ქვეყნის სახელმწიფო ლიდერები იცავენ.
„ფაქტობრივად, რუსეთის ფედერაციამ კვირიკაშვილს მადლობა გადაუხადა იმ განცხადებისთვის, რომელიც მან გააკეთა. ასევე მადლობა გადაუხადა, რადგან კვირიკაშვილის განცხადებამ ის სურვილი აღასრულა, რაც რუსეთს მრავალი წლის მანძილზე ამოძრავებს. კერძოდ, რუსეთი სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა, როგორც კონფლიქტის მხარე, რაც ოკუპაციისა და ანექსიის სახით გვაქვს. გაუგებარია, რუსეთი ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობის გაგრძელებას რა სტატუსით აპირებს – იქნება ჟენევაში წარმოდგენილი არა როგორც მხარე, როგორც ეს განსაზღვრულია 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის თანახმად, არამედ როგორც ერთ-ერთი შუამავალი სახელმწიფო, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია? ამასთან, გაუგებარია, საქართველოს სახელმწიფო როგორ აპირებს ზეწოლა განახორციელოს რუსეთზე იმისთვის, რომ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება შესრულდეს და რუსეთმა თავის თავზე ძალის არ გამოყენების ვალდებულება აიღოს, რაც დღემდე არ გაუკეთებია“, – განაცხადა სამადაშვილმა.
დეპუტატის შეფასებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რუსეთი ყოველგვარი სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა, რის გამოც პრემიერის მხრიდან ერთადერთი ადეკვატური ნაბიჯი საკუთარი პოსტის დატოვება იქნება.
„როცა სახელმწიფო პირი საკუთარი განცხადებით დარტყმას ქვეყნის ინტერესებსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს აყენებს, მან თანამდებობა უნდა დატოვოს“, – დასძინა სამადაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას მიმართა, რთული ვითარების დასაძლევად ერთობლივი ნაბიჯები გადაიდგას. პრემიერის განცხადება 9 მარტს გავრცელდა. როგორც გიორგი კვირიკაშვილის მიმართვაშია აღნიშნული, საქართველოს მთავრობა კვლავ ადასტურებს, რომ დაინტერესებულია, მიაღწიონ რეალურ პროგრესს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში. პრემიერი აღნიშნავს, რომ მზად არის, ამ პროცესში პირადად ჩაერთოს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის 9 მარტის განცხადებას გუშინ უპასუხა. როგორც რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული, მოსკოვში პრემიერ კვირიკაშვილის განცხადებას ყურადღებით გაეცნენ და კმაყოფილებას გამოხატავენ მიმართვაში გამოთქმულ
განწყობებთან დაკავშირებით.