სალომე სამადაშვილი - გიორგი გახარიასთან გვაქვს კითხვა, რატომ გაიზარდა ქვეყანაში კრიმინალი
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, ბევრი კითხვა არსებობს, რაზეც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას პასუხის გაცემა საპარლამენტო ფორმატში მოუწევს.
როგორც ჟურნალისტებს სალომე სამადაშვილმა განუცხადა, მთავარი კითხვა ქვეყანაში კრიმინალურ ვითარებას ეხება, რადგან საზოგადოების აზრით, ქვეყანაში კრიმინალური ვითარება დამძიმებულია, რაზეც პასუხისმგებლობა სწორედ გახარიას უწყებას ეკისრება.
„გვაინტერესებს, რა პასუხი აქვს არა ჩვენთვის, არამედ ქართველი ხალხისთვის, რატომ გაიზარდა ქვეყანაში კრიმინალი. კითხვები ასევე შეეხება ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციასა და თავდასხმებს, ფაშისტური ჯგუფების შეუფერხებელ მუშაობას. ასევე კითხვები გვაქვს, აფგან მუხთარლის საქმესა და გასულ თვეებში ჩატარებულ სპეცოპერაციებზე”, – დასძინა სამადაშვილმა.