სალომე სამადაშვილი გიორგი გახარიას - თქვენი სამშობლო რომ არის, ამ ქვეყნიდან ჩრდილოეთით, იქ არის პლუტოკრატიული რეჟიმი, ასეთივე რეჟიმი დაამყარეთ ჩვენს სამშობლოში
საქართველოს მოქალაქეების მომავალი, ბატონო პრემიერო, შეჭამა იმ ქართულ-ჯიგრულმა მიდგომამ, რომელსაც თქვენ ეძახით კორუფციას და რომელიც, სინამდვილეში, ისჯება სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით,- ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას.
როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, 2012 წელს „ქართულ ოცნებას“ დახვდა ეკონომიკა, რომელიც იზრდებოდა წელიწადში საშუალოდ 8 პროცენტით.
„ბატონო პრემიერო, თქვენ ძალიან ბევრი ისაუბრეთ ეკონომიკურ წარმატებაზე. თურმე თქვენ არ დაგხვდათ 2012 წელს განვითარებული, დასავლური ეკონომიკა. არა, ასეთი არ დაგხვედრიათ, მაგრამ თქვენ დაგხვდათ ეკონომიკა, რომელიც იზრდებოდა საშუალოდ 8%-ით წელიწადში. სად წავიდა ეს ეკონომიკური ზრდა და ვინ შეჭამა საქართველოს მოქალაქეების მომავალი? ბატონო პრემიერო, შეჭამა იმ ქართულ-ჯიგრულმა მიდგომამ, რომელსაც თქვენ ეძახით კორუფციას. სწორედ ამ კორუფციამ შეჭამა საქართველოს მოქალაქეების მომავალი. თქვენ გუშინ აქ გვითხარით, ტრიბუნიდან, რომ ბატონმა ფარცხალაძემ გადაიხადა 9 000 ლარი ჯარიმა, რადგან კარანტინის წესები დაარღვია. ბატონო პრემიერო, 400-დან 700 მილიონამდე აქვს მას წაღებული, რაც ჩვენ ვიცით, სახლში და 9 000 თუ დააბრუნა ბიუჯეტში, ნუ დაგვამადლის. სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალზე გამქრალი 110 მილიონი, ენერგოსისტემაში გამქრალი 76 მილიონი, 400 მილიონი ზარალი რკინიგზას. 100 მილიონი, მაინც ვერ გავიგეთ, ბიძინა ივანიშვილმა ჩადო რაღაც ფონდში, თუ არ ჩადო. გუშინ აქ გვითხარი, რომ ამ ფულს ჯერ ვერ დახარჯავთო. ამიტომ ეჭვი გვაქვს, რომ ეს ფული საერთოდ არ არსებობს ბუნებაში, მაგრამ თუ არსებობს, ასევე საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ სწორედ რკინიგზიდან გამქრალი მილიონებიდან არის აღებული. თქვენი სამშობლო რომ არის, ამ ქვეყნიდან ჩრდილოეთით, იქ არის პლუტოკრატიული რეჟიმი. ასეთივე რეჟიმი დაამყარეთ ჩვენს სამშობლოში. პლუტოკრატია იცით, რას ნიშნავს? – კორუმპირებული და მდიდარი ადამიანის მიერ ქვეყნის მართავს დანარჩენი მოქალაქეების ხარჯზე“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.