სალომე სამადაშვილი - გიორგი გახარია ცდილობს, ივანიშვილს შესთავაზოს პოლიტიკური პროექტი, ირაკლი კობახიძე კი, როგორც გაკოტრებული პარტიის თავმჯდომარე, იცავს საკუთარ პოზიციებს
გიორგი გახარია ცდილობს, ივანიშვილს შესთავაზოს პოლიტიკური პროექტი, ირაკლი კობახიძე კი, როგორც გაკოტრებული პარტიის თავმჯდომარე, იცავს საკუთარ პოზიციებს, – ამის შესახებ ფრაქცია „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გუშინდელი განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა.
სამადაშვილის შეფასებით, ეს არის შეჯიბრი ბიძინა ივანიშვილის კარზე.
„რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის უბრალოდ შეჯიბრი ბიძინა ივანიშვილის კარზე. გახარია უბრალოდ ფიქრობს, რომ ივანიშვილს შესთავაზოს პოლიტიკური პროექტი, რომელიც შეიძლება, მისთვის უფრო საინტერესო იყოს, ვიდრე „ქართული ოცნება“. ირაკლი კობახიძე, როგორც ამ გაკოტრებული პარტიის თავმჯდომარე, იცავს საკუთარ პოზიციებს. საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიმღები, ძალაუფლების წყარო და ყველანაირი პრობლემის მიზეზი რჩება ისევ და ისევ ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა. ამიტომ ივანიშვილის არანაირი პროექტი, იქნება ეს კობახიძე თუ სხვა, ქართველი ხალხისთვის სატყუარა არ იქნება. ხელისუფლება უნდა შევცვალოთ აუცილებლად დემოკრატიული ოპოზიციის კოალიციურ ხელისუფლებაში მოყვანის გზით, რაც არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ ჩვენ რეალურად დავამარცხოთ ოლიგარქიული რეჟიმი ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა სამადაშვილმა.
კითხვაზე, უნდა დაიწყოს თუ არა სისხლის სამართლებრივი გამოძიება 20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ, სამადაშვილმა უპასუხა: „გააჩნია, ბიძინა ივანიშვილი რა სანქციას გასცემს, იმის მიხედვით გადაწყდება, დაიწყება თუ არა სისხლის სამართლებრივი დევნა გახარიას წინააღმდეგ“.
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გიორგი გახარიას მიერ 20 ივნისს მომიტინგეების დაშლის ოპერაცია გაუგებრად იყო დაგეგმილი, რამაც ქვეყანა მძიმე შედეგებამდე მიიყვანა. მისივე თქმით, კითხვის ნიშნები გაჩნდა იმასთან დაკავშირებით, რატომ იდგა სპეცრაზმი გარეთ, როდესაც პარლამენტის ჭიშკრის შიგნით უნდა მდგარიყო, ასევე რატომ არ იყო გამოყენებული წყლის ჭავლი და სხვა რბილი სპეცსაშუალებები.