სალომე სამადაშვილი გიორგი არველაძის მიმართვაზე - ყველა კერძო პირს აქვს უფლება, საკუთარი შეხედულება გამოხატოს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი სალომე სამადაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ერთ-ერთი მინისტრის, გიორგი არველაძის მიმართვასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ყველა კერძო პირს აქვს საკუთარი შეხედულების გამოხატვის უფლება.
„ყველა კერძო პირს აქვს უფლება, გამოხატოს საკუთარი შეხედულება სხვადასხვა მედიასაშუალებაში თუ სოციალური ქსელებით. სიტყვის თავისუფლება ამისთვის არსებობს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
გიორგი არველაძემ „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ ქართული ოპოზიცია ამაზრზენად გამოიყურება. მისი შეფასებით, ქვეყანა შიმშილისა და სრული სიღატაკის ზღვარზეა და ოპოზიცია პოლიტიკური იწილო-ბიწილოთი, არარსებული თანამდებობებისა და მანდატების გაყოფით არის დაკავებული. მას ოპოზიციისადმი რამდენიმე მოწოდებაც აქვს, მათ შორის არის რევოლუციისთვის მზადება. „არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიეცემა აზრი, თუ რევოლუციისთვის იქნებით მზად“, – წერს არველაძე სოციალურ ქსელში.