სალომე სამადაშვილი - გავაგრძელებთ ყველანაირ ძალისხმევას, რათა ხელი შევუშალოთ „ქართულ ოცნებას“, კანონის მიღებით გადაიყვანოს ქვეყანა ევროპული გზიდან, მომავალ კვირას იქნება უფრო მწვავე პროტესტი
გავაგრძელებთ ყველანაირ ძალისხმევას, რათა ხელი შევუშალოთ „ქართული ოცნების“ გეგმას, ამ კანონის მიღებით გადაიყვანოს ქვეყანა ევროპული გზიდან, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა „ხალხის ძალის“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, მომავალ კვირას კიდევ უფრო მწვავე პროტესტი იქნება.
„ჩვენ გავაგრძელებთ ყველანაირ მცდელობას, ძალისხმევას, საქართველოს ყველა იმ მოქალაქესთან ერთად, ვისაც მიაჩნია, რომ ქვეყნის მომავალი არის ევროკავშირში – და ასეთი არის მოსახლეობის უმრავლესობა – რათა ხელი შევუშალოთ „ქართული ოცნების“ გეგმას, გადაიყვანოს ჩვენი ქვეყანა ევროპული მომავლის გზიდან, მათ შორის ამ კანონის მიღების გზით. შესაბამისად, გაგრძელდება პროტესტი.
იცით, რომ ჩვენ მოვუწოდეთ საზოგადოებას, შეიკრიბონ და, შესაბამისად, მომავალ კვირას, ვფიქრობთ, რომ იქნება კიდევ უფრო მწვავე პროტესტი ამასთან დაკავშირებით. ვხედავთ, რომ დღეს სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფი, უამრავი ადამიანი ხმამაღლა ამბობს, რომ ამ კანონის მიღება არ შეიძლება და ბიძინა ივანიშვილი მიდის ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ, როდესაც ცდილობს ამ კანონის გატანას საქართველოს პარლამენტში“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
„ვენეციის კომისიისგან ველოდებით იმას, რა დასკვნაც აქვთ მათ გაკეთებული ანალოგიურ კანონპროექტთან დაკავშირებით, როდესაც ვიქტორ ორბანმა მიიღო მსგავსი კანონი უნგრეთში. ამიტომ ვენეციის კომისიის დასკვნა იქნება, რომ ამ კანონის მიღება შეუსაბამოა ევროკავშირის ღირებულებებთან და ფასეულობებთან. შესაბამისად, ჩემი აზრით, ვენეციის კომისიის დასკვნის დალოდებას არანაირი აზრი არ აქვს, რადგან კომისიის დასკვნას თუ გაითვალისწინებენ, ამ კანონს არ უწერია მიღება. მაგრამ ირაკლი კობახიძემ უკვე განაცხადა, რომ რაც არ უნდა ეწეროს ვენეციის კომისიის დასკვნაში, მაინც აპირებენ კანონის მიღებას“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.