სალომე სამადაშვილი - გავაგრძელებთ პროცესში მონაწილეობას, რადგან ჩვენი მიზანია, მედიაციის პროცესი მართლაც იყოს წარმატებული და დაიდოს კონკრეტული შედეგი
სალომე სამადაშვილი - გავაგრძელებთ პროცესში მონაწილეობას, რადგან ჩვენი მიზანია, მედიაციის პროცესი მართლაც იყოს წარმატებული და დაიდოს კონკრეტული შედეგი

მივესალმებით ხვალინდელ შეხვედრას, მივდივართ ამ შეხვედრაზე, რათა მოვისმინოთ, რა განახლებული ინფორმაცია შეუძლია მედიატორს, გაგვიზიაროს, – ამის ​შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

„ის, რომ მედიატორმა გადაწყვიტა, დარჩეს ქვეყანაში, აჩვენებს, რომ თუ რამდენად სერიოზულად უდგება ევროკავშირი ამ მცდელობას, რომ მედიაციის შედეგად დაიდოს კონკრეტული შეთანხმება. ვნახეთ, რომ „ქართული ოცნების“ დღევანდელი განცხადება, თითქოს მედიაციის პროცესი შეწყდება, არ აღმოჩნდა მართალი. ამიტომ, ჩვენ მივესალმებით ხვალინდელ შეხვედრას, მივდივართ ამ შეხვედრაზე, რათა მოვისმინოთ, რა განახლებული ინფორმაცია შეუძლია მედიატორს, ჩვენ გაგვიზიაროს და რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ჩვენი მხრიდან მონაწილეობას ამ პროცესში, რადგან ჩვენი მიზანია, მედიაციის პროცესი მართლაც იყოს წარმატებული და დაიდოს კონკრეტული შედეგი“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

პლებისციტთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, რომ მედიაციის ერთ-ერთი საგანი რიგგარეშე არჩევნებამდე მისასვლელი გზების ძიებაა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბევრი საკითხი, მაგრამ საკვანძო საკითხები შეეხება პოლიტპატიმრების თემას და ვადამდელ არჩევნებს. მედიაციის ერთ-ერთი საგანი არის ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელი გზა და ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს საკითხები დგას დღის წესრიგში“, – დასძინა სალომე სამადაშვილმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონს საქართველო 14 მარტს უნდა დაეტოვებინა, თუმცა ის ქვეყნაში რჩება და მოლაპარაკების პროცესს განაგრძობს.

დანიელსონმა შეხვედრები გამართა როგორც მმართველი პარტიის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებთან, თუმცა მოლაპარაკების კონკრეტული შედეგი ჯერ უცნობია.