სალომე სამადაშვილი - გამოკითხვებმა აჩვენა, რომ მოქალაქეებს 20 ივნისს მომხდარზე ძალიან სწორი შეფასება აქვთ
როგორც გამოკითხვებმა აჩვენა, ჩვენს მოქალაქეებს და საზოგადოებას აქვს ძალიან სწორი შეფასება იმასთან დაკავშირებით, რა მოხდა 20 ივნისს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა
მისი თქმით, საქართველოს არც ერთი მოქალაქე არ მიიჩნევს, რომ რეალურად ხელისუფლების გარდა ვინმეს ეკისრება პასუხისმგებლობა 20 ივნისის ღამეს მომხდარზე.
„გიორგი გახარიასგან და ბიძინა ივანიშვილისგან მართული პროკურატურა რომ სათანადო გამოძიებას არ ჩაატარებს, რა თქმა უნდა, ეს ყველას ესმის. ეს კიდევ ერთ საქმედ გადაიქცევა, რომლის გამოძიებაც მიმდინარეობს და არასდროს არანაირი შედეგი არ მოაქვს. რეალურად პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება „ქართულ ოცნებას“, გახარიას და ბიძინა ივანიშვილს 20 ივნისის ღამეზე მოუწევს შემდეგ არჩევნებზე, როდესაც სხვა მიზეზებთან ერთად, 20 ივნისის ღამისთვისაც ქართველი ხალხი მათ ქვეყნის მართვის უფლებას ჩამოართმევს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 68 პროცენტი მიიჩნევს, რომ 20 ივნისის საპროტესტო აქციის დაშლისას ხელისუფლებამ გადამეტებული ძალა გამოიყენა, 22 პროცენტი კი ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ აქციის დასაშლელად სათანადო ძალა გამოიყენა.