სალომე სამადაშვილი - ევროპული საბჭოს სხდომაზე არცერთი სიტყვა არ თქმულა ქვეყნის პროგრესზე, ვიხილეთ მოწოდებები, რომ კანდიდატის სტატუსისთვის აქტიური ნაბიჯები უნდა გადაიდგას
ევროპული საბჭოს სხდომაზე, ფაქტობრივად, არცერთი სიტყვა არ თქმულა, რომ ქვეყანას რამე პროგრესი აქვს მოთხოვნების შესრულების თვალსაზრისით, თუმცა ვნახეთ მოწოდებები, რომ აქტიური ნაბიჯები უნდა გადაიდგას კანდიდატის სტატუსის მისაღებად, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ძალიან სერიოზული გზავნილია, როდესაც ევროპიდან არის მოწოდება, რომ სააკაშვილის საკითხის გადაჭრა იქნება მნიშვნელოვანი საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობაში პროგრესის მისაღწევად.
„ჩვენ ვხედავთ, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს განაცხადი ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ არის. ევროპული საბჭოს სხდომაზე, ფაქტობრივად, არცერთი სიტყვა არ თქმულა იმასთან დაკავშირებით, რომ რამე პროგრესი აქვს ქვეყანას მოთხოვნების შესრულების თვალსაზრისით, თუმცა ვიხილეთ მოწოდებები, რომ აქტიური ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რათა კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. ამიტომ სააკაშვილის საქმის მიღმაც ძალიან ბევრი პრობლემა აქვს ქვეყანას. საფრთხის წინაშე ვართ, რომ ისევ დავრჩეთ კანდიდატის სტატუსის გარეშე, მაგრამ სააკაშვილის ვითარების შესაძლო დამძიმება, ცხადია, დამატებით პრობლემებს ქმნის. როდესაც ევროპიდან ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ჯგუფის, „სახალხო პარტიის“ წარმონადგენლები მოგიწოდებენ, რომ სააკაშვილის საკითხის გადაჭრა იქნება მნიშვნელოვანი საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობაში პროგრესის მისაღწევად, ეს ძალიან მნიშვნელოვანი, სერიოზული გზავნილია, რომელიც ადასტურებს, რომ პოლიტიზებული მართლმსაჯულება, სააკაშვილისა და გვარამიას საქმეები იქნება სერიოზული დაბრკოლება კანდიდატის სტატუსის მისაღებად“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.