სალომე სამადაშვილი - ეს გირაო არის გავრილოვის ხარკი, რომლის დაფარვა მოხდება ევროპის დახმარებით
სალომე სამადაშვილი - ეს გირაო არის გავრილოვის ხარკი, რომლის დაფარვა მოხდება ევროპის დახმარებით

ეს გირაო არის გავრილოვის ხარკი, რომლის დაფარვა მოხდება ევროპის დახმარებით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმად, ნიკა მელიას გირაოს თანხა გადახდილია.

მისი თქმით, ნიკა მელიას გათავისუფლება იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი შარლ მიშელის დოკუმენტის განხორციელების თვალსაზრისით.

„თქვენ იცით, რომ მიშელის მედიაციით მიღწეული შეთანხმების შესრულების სწრაფად დაწყება და განხორციელება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ნიკა მელიას გათავისუფლება ჩვენთვის იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი ამ შეთანხმების განხორციელების თვალსაზრისით. ამიტომ მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ევროპულმა ფონდმა და დაფარა ნიკას გირაო, არის კიდევ ერთი განაცხადი ევროკავშირის მხრიდან, რომ ისინი ჩვენ სტრატეგიულ მოკავშირეებად რჩებიან ამ შეთანხმების განხორციელების პროცესში. ის, რომ ნიკა მელია არის პოლიტპატიმარი და პოლიტიკური პატიმრობის პრობლემა ქვეყანაში არსებობს, აღიარებულ იქნა ჯერ კიდევ შეთანხმებით, რომელსაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ. სწორედ ამიტომ არის ამ შეთანხმებაში ცალკე თავი, რომელიც შეეხება პოლიტიკურ დევნას და პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებას და ცხადია, როდესაც ევროკავშირი იღებს უპრეცედენტო გადაწყვეტილებას, რომ დემოკრატიის მხარდამჭერი ფონდის მეშვეობით დაფაროს ნიკა მელიას გირაო, არის განაცხადი, რომ ეს გირაო არის სწორედ გავრილოვის ხარკი, რომლის დაფარვა ამ შემთხვევაში მოხდება ევროპის დახმარებით“, – განაცხადა სამადაშვილმა.