სალომე სამადაშვილი - ძალადობის ყველა შემთხვევაზე ვითხოვთ რეაგირებას
ძალადობის ყველა შემთხვევაზე რეაგირებას ვითხოვთ, მათ შორის, ალეკო ელისაშვილზე გუშინ სამარცხვინოდ განხორციელებულ თავდასხმაზე, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ნაცემია „ლელოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძეც.
„რუსულმა ხელისუფლებამ პოლიტიკური ძალადობა ნორმად გახადა. რუსეთში ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს არა მხოლოდ სცემენ, არამედ კლავენ კიდეც. თუ ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ ამ ქვეყანაში იმავე გზას დაადგება და ვინმეს შეეშინდება, ძალიან შემცდარა. ნაცემია „ლელოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე, რომელიც ახლაც პატიმრობაშია. ტარიელ ნაკაიძეზე თავდასხმა ყველას გვახსოვს. რას ცვლის პაპუაშვილი და რუსული უმრავლესობის სხვა წევრები, თავად დაუსჯელად შეუძლიათ, თავს დაესხან ოპოზიციონერებს, თავად ბიძინა ივანიშვილს დაქირავებული ჰყავს პოლიციური უწყებები, რომ ოპოზიციონერ დეპუტატებს ფიზიკურად გაუსწორდნენ? არავის ეშინია. ძალადობის ყველა შემთხვევაზე რეაგირებას ვითხოვთ, მათ შორის, ალეკო ელისაშვილზე გუშინ სამარცხვინოდ განხორციელებულ თავდასხმაზე“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.