სალომე სამადაშვილი - ჟენევის მოლაპარაკებების საკითხზე აუცილებელია, საგარეო უწყების წარმომადგენლები პარლამენტში მოვიდნენ
მთავარი პოზიცია, რომელიც ქართულმა მხარემ უნდა დაიჭიროს ჟენევის ფორმატში, არის ის, რომ რუსეთს უნდა მოვთხოვოთ აიღოს საკუთარ თავზე ვალდებულება ძალის გამოუყენებლობის შესახებ, რომელსაც ექნება იურიდიული ძალა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, აუცილებელია, რომ ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდამდე საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მივიდნენ პარლამენტში და დეპუტატებს ინფორმაცია მიაწოდონ.
„მთავარი პოზიცია, რომელიც ქართულმა მხარემ უნდა დაიჭიროს ჟენევის ფორმატში, ის არის, რომ რუსეთს უნდა მოვთხოვოთ აიღოს საკუთარ თავზე ვალდებულება ძალის გამოუყენებლობის შესახებ, რომელსაც ექნება იურიდიული ძალა. ეს არის მთავარი მოთხოვნა ჟენევის ფორმატის შექმნის დღიდან. ეს მოთხოვნა ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოიხსნება და ვფიქრობ, აუცილებელია, ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდამდე საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მოვიდნენ პარლამენტში საგარეო კომიტეტის სხდომაზე და მოახდინონ ჩვენი მაქსიმალური ინფორმირება იმ პროცესებზე, რომელიც მიდის ჟენევაში. ჩვენ ვხედავთ, რომ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება სხვადასხვა საინფორმაციო წყაროებით. მიუხედავად იმისა, რომ დიპლომატიური მოლაპარაკებები დახურულ რეჟიმში უნდა მიმდინარეობდეს, ვფიქრობ, აქ სახელმწიფოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხთან გვაქვს საქმე. მოვითხოვ საგარეო საქმეთა კომიტეტზე მსგავსი მოსმენის ჩატარებას. ვფიქრობ, კარგი იქნება, მოვიდეს მინისტრი, ან საგარეო საქმეთა სამინისტროს ის შემადგენლობა, რომელიც წარმოადგენს ჩვენს ქვეყანას ჟენევის მოლაპარაკებებში”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.