„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი სალომე სამადაშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება.
როგორც მან შეხვედრის დაწყებამდე განაცხდა, დიპლომატებს წარედგინებათ ყველა მტკიცებულება იმის შესახებ, რომ დეპუტატ ნიკა მელიას წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის საფუძველი არ არსებობდა.
„დღევანდელი შეხვედრის ძირითადი მიზანია, დიპლომატიურ კორპუსს ჩვენს ხელთ არსებული ის მტკიცებულებები გავაცნოთ, რომელიც ნათლად აჩვენებს, რომ სახელმწიფოს არ ჰქონდა არანაირი საფუძველი, სამართლებრივი დევნა დაეწყო ნიკა მელიას წინააღმდეგ. დიპლომატებს მელიას მიერ გავრცელებულ ვიდეომასალას და სხვა მტკიცებულებებს წარვუდგენთ. აუცილებელია, დიპლომატიური კორპუსი სრულად იყოს საქმის კურსში იმის თაობაზე, როგორ ხდება პოლიტიკური ნიშნით სამართლებრივი დევნა ნიკა მელიას წინააღმდეგ მაშინ, როდესაც ყველანაირი მტკიცებულება არსებობს, რომ სახელმწიფოს ეს საქმე, შეიძლება ითქვას, შეკერილი აქვს“, – განაცხადა სამადაშვილმა.
დეპუტატის თქმით, საუბარი შეეხება 20 ივნისთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას.
„სახელმწიფოს რეალურად არანაირი რესურსი არ აქვს, რომ გამოძიება ჩაატაროს იმასთან დაკავშირებით, რა მოხდა, პირველ რიგში, გავრილოვის ვიზიტის შესახებ და შემდეგ უშუალოდ გავრილოვის ღამეს რა სამართალდარღვევებს ჰქონდა ადგილი. დიპლომატიურ კორპუსთან ამაზე საუბარს ვაპირებ“, – აღნიშნა სამადაშვილმა.
ნიკა მელიას წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა“ დიპლომატებთან რიგით მეორე დახურულ შეხვედრას მართავს.