სალომე სამადაშვილი დიპლომატებთან შეხვედრაზე ნიკა მელიასთან დაკავშირებით გუშინ განვითარებულ მოვლენებს განიხილავს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი სალომე სამადაშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება.
როგორც ჟურნალისტებს სამადაშვილმა განუცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია, საერთაშორისო პარტნიორები საქმის კურსში იყვნენ იმ ქმედებებთან დაკავშირებით, რაც დეპუტატ ნიკა მელიასთან და საკრებულოს წევრებთან მიმართებაში განხორციელდა.
დეპუტატის თქმით, საქართველოს პარლამენტის წევრის იმუნიტეტი დაირღვა, როცა ნიკა მელიას დაკავება მოხდა.
„შს მინისტრი პარლამენტში უნდა მოვიდეს და მისგან ახსნა-განმარტება მოვისმინოთ, რა მოხდა გუშინ. განვიხილავ იმასაც, რომ ამაზე რეაგირება სასამართლოს გზით მოხდეს, რადგან ეს დეპუტატის უფლების უხეში დარღვევა იყო. განრიდებაზე საუბარი გაუგებარია. როცა ადამიანს მოქმედების თავისუფლებას უზღუდავ, ეს მისი დაკავებაა”, – აღნიშნა სამადაშვილმა.
კანონმდებლის განცხადებით, შეხვედრაზე იმის თაობაზეც ისაუბრებს, თუ რატომ არის აუცილებელი მისი თქმით, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის მიერ თანამდებობის დატოვება.
რუსთაველის გამზირზე გუშინ რამდენიმე ინციდენტი მოხდა, შედეგად სულ 19 პირი დააკავეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებულთა შორის დეპუტატი ნიკა მელიაც იყო, თუმცა როგორც შსს-ში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, ნიკა მელია თავისუფალია და მისი მხრიდან სამართალდარღვევა ადგილზევე აღიკვეთა.