სალომე სამადაშვილი -  დღეს უნდა შევიკრიბოთ, რომ გავაპროტესტოთ გავრილოვის სამარცხვინო ღამე ჩვენს ისტორიაში
სალომე სამადაშვილი - დღეს უნდა შევიკრიბოთ, რომ გავაპროტესტოთ გავრილოვის სამარცხვინო ღამე ჩვენს ისტორიაში

ოპოზიციონერი დეპუტატის სალომე სამადაშვილის შეფასებით, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან ირაკლი კობახიძის გადადგომა დაგვიანებულია. როგორც ჟურნალისტებს სამადაშვილმა განუცხადა, კობახიძის თანამდებობიდან გადადგომის საკითხი აქტუალური არ არის.

„გუშინ საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობა და ნადირობა ვიხილეთ. უამრავი ადამიანი დაშავებულია.

ბიძინა ივანიშვილისა და მისი ხელისუფლების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი დგას იმ ძალადობაზე, რაც გუშინ მოხდა. კობახიძის გადაყენება დაგვიანებული ნაბიჯია. ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად აუცილებელია, გიორგი გახარიამ თანამდებობა დაუყონებლივ დატოვოს. ასევე, ბიძინა ივანიშვილი საზოგადოების მოთხოვნას უნდა დაემორჩილოს, რომ ქვეყანა პირდაპირ პროპორციულ საარჩევნო წესზე გადავიდეს. ხელისუფლების გზავნილია, რომ არ აპირებს, ძალაუფლების დათმობას და გვეუბნება, დაგასისხლიანებთ, თვალებს დაგთხრითო. გუშინ გახარიასა და ივანიშვილის გზავნილი ეს იყო. დღეს, პარლამენტის წინ უამრავი ადამიანი შეიკრიბება და ვინმე შეეცადოს, რომ ისინი დაარწმუნოს, კობახიძის გადაყენება და ზაქარია ქუცნაშვილის წასვლა რამდენად ადეკვატური იქნება.

მოქალაქეებს მოვუწოდებ, რომ შევიკრიბოთ პარტიული კუთვნილებისა და პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად, როგორც გუშინ შევიკრიბეთ და გავაპროტესტეთ, რომ გავრილოვი აღმოჩნდა სპიკერის სავარძელში. დღეს ასევე უნდა შევიკრიბოთ, რომ გავაპროტესტოთ გავრილოვის სამარცხვინო ღამე ჩვენს ისტორიაში“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.