სალომე სამადაშვილი - დღეს ევროპარლამენტში უნდა მსჯელობდნენ, როგორ დაუჭირონ მხარი ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭებას, ამის ნაცვლად მსჯელობა უწევთ ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენაზე
ევროპარლამენტში წარმოდგენილი ყველა პოლიტიკური ძალა, მათ შორის „ქართული ოცნების“ პარტნიორი პარტია „სოციალისტური პარტია“ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იყოს სამკურნალოდ საზღვარგარეთ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მდგომარეობა სცდება ერთ კერძო პრობლემას და გამოწვევას უქმნის ქვეყნის ევროპულ მომავალს.
„დღეს ევროპარლამენტში უნდა მსჯელობდნენ იმაზე, როგორ დაუჭირონ მხარი ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭებას, ამის ნაცვლად კი მსჯელობა უწევთ ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენაზე. არ ვიცი, საბოლოოდ გავა თუ არა შესწორება ივანიშვილის სანქცირების მოთხოვნის თაობაზე, მაგრამ, ყველა შემთხვევაში, ფაქტი, რომ ევროპარლამენტი საგანგებო რეჟიმში იღებს რეზოლუციას, ნათელი გზავნილია ქართველი ხალხისთვისაც და საქართველოს ხელისუფლებისთვისაც. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას ძალიან დიდი პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს, სააკაშვილის პრობლემის გადაჭრა ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა სამადაშვილმა.
14 თებერვალს ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტის კონსოლიდირებული ვერსია გამოაქვეყნა. კანონპროექტის კენჭისყრა დღეს არის დაგეგმილი.