სალომე სამადაშვილი - დღეს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიაში გადაიშლება ახალი ფურცელი, შეთანხმება არის გზა საქართველოს ევროპული მომავლისკენ
სალომე სამადაშვილი - დღეს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიაში გადაიშლება ახალი ფურცელი, შეთანხმება არის გზა საქართველოს ევროპული მომავლისკენ

დღეს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიაში გადაიშლება ახალი ფურცელი იმ შეთანხმების იმპლემენტაციის დაწყებით, რომელიც მიღწეული იქნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის უშუალო თანამონაწილეობით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

მისივე თქმით, შეთანხმება, რომელსაც ხელი მოაწერეს, არის გზა საქართველოს ევროპული მომავლისკენ.

„მეგობრებო, ჩვენს ქვეყანაში უნდა დავასრულოთ, პოლიტიკური ნიშნით დევნა, პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული მართლმსაჯულება, უნდა აღვუდგინოთ ქართველ ხალხს უფლება, რომ თავად აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების გზით. შეთანხმება, რომელსაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ და რომლის განსახორციელებლადაც მოვედით დღეს აქ, საქართველოს უმაღლეს წარმომადგენლობით და საკანონმდებლო ორგანოში, არის მართლაც გზა საქართველოს ევროპული მომავლისკენ.

ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ შეთანხმების როგორც ყველა პუნქტი, ასევე მისი სულისკვეთება არ დაირღვევა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. მინდა, ასევე გამოვთქვა იმედი, რომ უახლოეს დღეებში, კონკრეტულად დღეს ჩვენ ვნახავთ ერთი პოლიტპატიმრის, გიორგი რურუას გათავისუფლებას. იმედი მაქვს, უახლოეს დღეებში ჩვენ ასევე ვნახავთ გათავისუფლებულ ნიკა მელიას, რაც შესაძლებლობას მისცემს სრულ ოპოზიციურ სპექტრს, ხელი მოაწერონ შეთანხმებას. ჩვენ ერთად შევძლებთ ამ შეთანხმების იმპლემენტაციას და განხორციელებას მისი სულისკვეთების და არა მხოლოდ იმ ჩანაწერების, რაც გაკეთდა შეთანხმებაში“, – განაცხადა სამადაშვილმა.