სალომე სამადაშვილი - დღემდე არ გვქონია პარლამენტი, სადაც უმრავლესობა არის დაკომპლექტებული გოშიებით
სალომე სამადაშვილი - დღემდე არ გვქონია პარლამენტი, სადაც უმრავლესობა არის დაკომპლექტებული გოშიებით

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი ცდილობს, ეკლესიის თემა ოპონენტებზე პოლიტიკური თავდასხმებისთვის გამოიყენოს.

„ძალიან მძიმე დღე არის პარლამენტში, რადგან როდესაც მგონია, „ქართულმა ოცნებამ“ ფსკერს მიაღწია, აღმოჩნდება, რომ ფსკერი თქვენთვის არის ბევრად უფრო ღრმად, ვიდრე ვინმეს ჰგონია ამ ქვეყანაში. დღეს, როდესაც ჩვენი თანამოქალაქეები, თქვენგან გაღატაკებული საქართველოს მოქალაქეები არიან უზარმაზარი სტრესის ქვეშ, რადგან უკვე რამდენიმე კვირაა, მათთთვის ძალიან ძვირფას ინსტიტუტს, საქართველოს ეკლესიას აქვს შექმნილი სერიოზული კრიზისი, თქვენ გადაწყვიტეთ, რომ აღნიშნული თემა რაღაც პოლიტიკური თავდასხმების თემა გახადოთ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დეპუტატის თქმით, ყველას მიზანი უნდა იყოს, ისაუბრონ იმის შესახებ, თუ როგორ დაიცვან ეკლესია, მათ შორის უცხო სახელმწიფოების გავლენისგან.

„იმის ნაცვლად, რომ დღეს ყველა ვსაუბრობდეთ იმაზე, როგორ დავიცვათ ჩვენი ეკლესია, მათ შორის უცხო სახელმწიფოების გავლენისგან, რომლებიც ცდილობენ, დაეპატრონონ გავლენის ბერკეტებს ამ ძალიან მნიშვნელოვან ინსტიტუტში, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი და რუსეთი არის ერთი და თქვენ ამ პარლამენტში ხართ ბიძინა ივანიშვილის გოშიები, თქვენ არ ხართ პარლამენტის წევრები და ამიტომ, მეცხრე მოწვევის საქართველოს პარლამენტი საქართველოს ისტორიაში შევა, როგორც ყველაზე სამარცხვინო პარლამენტი, რადგან ჩვენ დღემდე არ გვქონია პარლამენტი, სადაც უმრავლესობა არის დაკომპლექტებული გოშიებით, რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის გოშიებით, რომლებიც დღეს აქ მოვიდნენ იმისთვის, რომ გაამართლონ ივანიშვილის მიერ მიტაცება დამატებით სახელმწიფო ქონების, მიჩქმალონ ივანიშვილის მცდელობა, მიიტაცოს ახლა უკვე საქართველოს ეკლესია. ვიზე საუბრობთ? მეუფე იაკობი, ისევე როგორც მეუფე პეტრე, საუბრობენ ერთადერთ ადამიანზე, ვისთანაც მათ შეხვედრები ჰქონდათ, ბიძინა ივანიშვილზე და მის წარმომადგენლებზე, რომლებიც ცდილობენ საქართველოს საპატრიარქოში გადატრიალების ორგანიზებას. ძალიან შეწუხებულები ხართ, რადგან დიახ, არავის გაუბედია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ეკლესიაზე თავდასხმა, ეს გაბედა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილმა და ამაზე მას პასუხს მოსთხოვს ქართველი ხალხი“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა მეუფე იაკობის განცხადებასთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას.

„გინდათ გაიგოთ სიმართლე? შემოგთავაზეთ საგამოძიებო კომისიის შექმნა, მოაწერეთ ხელი საგამოძიებო კომისიის შექმნას, დავიბაროთ პარლამენტში, როგორც მეუფე იაკობი, ასევე მეუფე პეტრე, თქვენი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, შინაგან საქმეთა მინისტრი და გავარკვიოთ ერთხელ და საბოლოოდ, ვინ ცდილობს ქვეყანაში ეკლესიაში ჩარევას საქართველოს კონსტიტუციის, საკონსტიტუციო ხელშეკრულების წინააღმდეგ და დავადგინოთ სიმართლე. დარეგისტრირდა მოთხოვნა, დაუჭირეთ მხარი საგამოძიებო კომისიას“ ,- აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

ამასთან, სალომე სამადაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ირაკლი კობახიძესაც მიმართა და განაცხადა, რომ 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, ის პარლამენტში აღარ უნდა იყოს.

„ბატონო ირაკლი კობახიძე, თქვენ რომ სინდისი გაგაჩნდეთ, საქართველოს პარლამენტში აღარ შემოხვიდოდით.20 ივნისის შემოქმედი ადამიანი, რომელიც არის პასუხისმგებელი პარლამენტის წინ დაღვრილ სისხლზე და დათხრილ თვალებზე, ამ პარლამენტში აღარ უნდა შემოდიოდეს და ბედავთ, რომ მოდიხართ და კიდევ ჭკუას გვარიგებთ. ბატონო კობახიძე და ივანიშვილის სხვა გოშიებო, მომისმინეთ, არ ხართ თქვენ პარლამენტის წევრები, თქვენ ხართ ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლები და მადლობა გადაუხადეთ მას, რომ აქ სხედხართ. რაც შეეხება 20 ივნისის თემას, მინდა, საზოგადოებას შევახსენო, რომ დღეს უკვე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, როგორც ამერიკაში, ისე ევროპაში, ღიად საუბრობენ, რომ დღევანდელი ხელისუფლება დაკავებულია ოპონენტების პოლიტიკური დევნით. ამის შესახებ განცხადება გაკეთდა ამერიკის კონგრესში“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ასევე, ისაუბრა ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით და თქვა, რომ მის მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდება.

„რაც შეიძლება სწრაფად აუხსენით თქვენს პოლიტიკურ პატრონს, რომ მოხსნას სამართლებრივი დევნა ჩვენი კოლეგის, ნიკა მელიას წინააღდმეგ, რადგან ამაზე მან მიიღო კონგრესში გზავნილი და მიიღებს უახლოეს თვეებში რეზოლუციას ევროპარლამენტში. ამიტომ, რაც უფრო სწრაფად დაარწმუნებთ მას, რომ ეს ნაბიჯი გადადგას, მით უკეთესი იქნება თქვენთვის“ ,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.