სალომე სამადაშვილი დეპუტატებს მოუწოდებს, შს მინისტრი პარლამენტში დაიბარონ
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი დეპუტატებს მოუწოდებს, შს მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში დაიბარონ. ამის შესახებ მან თავდაცვისა და უშიშროების, საგარეო ურთიერთობათა, დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
დეპუტატის თქმით, შეხვედრაზე მან ვერ მოისმინა ინფორმაცია იმ საკითხებზე, რომელიც აინტერესებდა.
„თუ რეალურად ვაპირებთ, პარლამენტში ვიმსჯელოთ ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ, უახლოეს დღეებში უნდა მობრძანდეს შს მინისტრი, ბატონი გახარია. პარლამენტმა ის უნდა მოიწვიოს სრული და ამომწურავი ანგარიშის ჩასაბარებლად, რას აკეთებს მისი უწყება, რომ დაუპირისპირდეს იმ უმძიმეს გამოწვევებს, რომლებიც დღეს დგას ამ ქვეყნის წინაშე. დღეს ამ შეხვედრაზე ვერ მოვისმინე მთავარი, რაც მაინტერესებდა. ეს არის ის, თუ რამდენად უმკლავდება საქართველოს სახელმწიფო იმ გამოწვევებს, რომლებიც დღეს არსებობს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.