სალომე სამადაშვილი - დასავლელ პარტნორებთან ხშირად გვაქვს საუბარი, რომ ჩვენ სანქციებს როცა ვითხოვთ, ეს ხომ არ აიძულებს „ქართულ ოცნებას“, უფრო დაუახლოვდეს რუსეთს
სალომე სამადაშვილი - დასავლელ პარტნორებთან ხშირად გვაქვს საუბარი, რომ ჩვენ სანქციებს როცა ვითხოვთ, ეს ხომ არ აიძულებს „ქართულ ოცნებას“, უფრო დაუახლოვდეს რუსეთს

„ქართულ ოცნებას“ შეუძლია, რუსეთის ეს ჟესტი გამოიყენოს დასავლეთთან სავაჭროდ, გამოიყენოს შანტაჟისთვის – გეოპოლიტიკური მოსაზრებით თქვენ გინდათ, რომ რუსეთთან ვიყოთ? მაინც მოგიწევთ, მოგვცეთ კანდიდატის სტატუსი. არ გინდათ? ხომ ხედავთ, აგერ არის რუსეთი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით რუსეთის გადაწყვეტილების შესახებ საუბრისას განაცხადა.

სამადაშვილის თქმით, დასავლელ პარტნიორებთან ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, როცა ითხოვენ სანქციებს, ეს ხომ არ აიძულებს „ქართულ ოცნებას“, უფრო დაუახლოვდეს რუსეთს.

„რაც შეეხება იმას, ხელისუფებას შევცვლით არჩევნებით თუ არა, რა თქმა უნდა, ხელისუფლება არჩევნებით უნდა შეიცვალოს, ამ ქვეყანაში სხვანაირად არ შეცვლილა, მაგრამ სხვა არის, რა გარემოში მივალთ ამ არჩევნებამდე. არ ვიცი, საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი კანდიდატის სტატუსზე, რადგან რუსეთიდან ამ გადმოგდებულს „ქართული ოცნება“ გამოიყენებს დასავლეთთანაც სავაჭროდ, რადგან ისინი ხომ მუდმივად შანტაჟს უწყობენ – ჩვენ არაფერს გავაკეთებთ, პირიქით გავაკეთებთ ყველაფერს, რასაც გვთხოვთ, მაგრამ გეოპოლიტიკური მოსაზრებით თქვენ გინდათ, რომ ჩვენ რუსეთთან ვიყოთ? მაინც მოგიწევთ, რომ მოგვცეთ კანდიდატის სტატუსი. ამ თვალსაზრისით, რუსეთის ეს ჟესტი „ქართულ ოცნებას“ შეუძლია გამოიყენოს შანტაჟისთვის, არ გინდათ? ხომ ხედავთ, აგერ არის რუსეთი.

სხვათა შორის, ჩვენს დასავლელ პარტნორებთან ხშირად გვაქვს საუბარი, რომ როცა ჩვენ ვითხოვთ სანქციებს და ა.შ. ხშირად არის საუბარი, ეს ხომ არ აიძულებთ მათ, კიდევ უფრო დაუახლოვდნენ რუსეთს. ეს ყველაფერი უნდა დავასრულოთ იმით, რომ შევქმნათ სიცხადე, სიცხადე ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის და ქართველი ხალხისთვის, რომ ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, თუ ევროპას და ქართველ ხალხს მართლაც სურს თანაცხოვრება ერთად ევროპულ სივრცეში“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.