სალომე სამადაშვილი - დარწმუნებული ვარ, კრისტიან დანიელსონი ​შეძლებს მედიაციის წარმატებით წარმართვას, თუ ხელისუფლება წარმოაჩენს პოლიტიკურ ნებას, გამოვიდეთ კრიზისიდან
სალომე სამადაშვილი - დარწმუნებული ვარ, კრისტიან დანიელსონი ​შეძლებს მედიაციის წარმატებით წარმართვას, თუ ხელისუფლება წარმოაჩენს პოლიტიკურ ნებას, გამოვიდეთ კრიზისიდან

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მედიატორი ჩამოდის საქართველოში რაღაც მონახაზით, რაც გახდება მხარეებს შორის მსჯელობის საფუძველი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, კრისტიან დანიელსონი არის გამოცდილი შვედი დიპლომატი, რომელიც ძალიან კარგად იცნობს საქართველოს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მინიჭებული აქვს ​ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოსა და ევროპული სტრუქტურების მანდატი, შეძლებს, წარმატებით წარმართოს მედიაციის პროცესი. თუ რა თქმა, უნდა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება წარმოაჩენს პოლიტიკურ ნებას, რომ გამოვიდეთ ამ პოლიტიკური კრიზისიდან დიალოგის გზით“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლების პოზიცია ცნობილია საზოგადოებისთვის.

„ჩვენ არ გადაგვიხედავს პოზიციისთვის და ვაცხადებთ, რომ ჩვენი მხრიდან არსებობს სრული პოლიტიკური ნება, მივაღწიოთ შეთანხმებას. ეს ექვსი პუნქტი, რომელიც შეთანხმდა პრეზიდენტი მიშელის საქართველოში ყოფნის დროს, არის მნიშვნელოვანი. პოლიტპატიმრების გათავისუფლება იქნება მხარეებს შორის ნდობის აღდგენის პირველი ნაბიჯი, რომელიც შესაძლებელს გახდის სხვა თემებზე მსჯელობასაც და შეთანხმებასაც“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მისი თქმით, დანიელსონის ოპოზიციასთან შეხვედრა გაიმართება სავარაუდოდ ხვალ და ზეგ.

„ეს მედიაციის პროცესი ერთ საათში და სწრაფად ვერ დასრულდება. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მედიატორი ჩამოდის საქართველოში რაღაც მონახაზით, რაც გახდება მხარეებს შორის მსჯელობის საფუძველი“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.