სალომე სამადაშვილი - დამატებითი ბარიერების შექმნა, რათა პოლიტიკური ნიშნით არ მოხდეს დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნა, მნიშვნელოვანია
ოპოზიციონერი დეპუტატი, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ დეპუტატის დაკავება/დაპატიმრებაზე, ან მისი საცხოვრებელი სახლის, სამუშაო ადგილის ჩხრეკაზე პარლამენტის მხრიდან თანხმობის მიცემის კვორუმთან დაკავშირებით ცვლილებები მნიშვნელოვანია.
მისივე თქმით, პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ცვლილებები იქნება დამატებითი ბარიერები, რათა პოლიტიკური ნიშნით არ მოხდეს დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნა.
„ცვლილება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ნიკა მელიას შემთხვევაში, ორჯერ ვნახეთ, როგორ მოუხსნეს პოლიტიკური მიზნებისთვის იმუნიტეტი.
ცხადია, დამატებითი ბარიერების შექმნა, რათა პოლიტიკური ნიშნით ვერ ხდებოდეს დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნა, ძალიან მნიშვნელოვანია. ის, რომ 90 დეპუტატის თანხმობა იქნება საჭირო, გარკვეულწილად, არის დამცავი მექანიზმი, რადგან დღევანდელი კონფიგურაცია ითხოვს ოპოზიციის ნაწილის მხრიდან თანამონაწილეობას, თუ დღის წესრიგში იმუნიტეტის მოხსნა დადგება“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
დეპუტატის დაკავება/დაპატიმრებაზე, ან მისი საცხოვრებელი სახლის ან სამუშაო ადგილის ჩხრეკაზე პარლამენტის მხრიდან თანხმობის მიცემის კვორუმი იცვლება.
შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში შედის, რომლის ინიციატორია ფრაქცია „ქართული ოცნება“.