სალომე სამადაშვილი და ბადრი ჯაფარიძე კარლ ჰარცელს ხვდებიან
სალომე სამადაშვილი და ბადრი ჯაფარიძე კარლ ჰარცელს ხვდებიან

პარტია „ლელოს“ წევრები – ბადრი ჯაფარიძე და სალომე სამადაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან შეხვედრას მართავენ. შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მიმდინარეობს.

სალომე სამადაშვილის თქმით, შეხვედრაზე განსახილველი მთავარი საკითხი საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე შეტანილი განაცხადი იქნება.

მისივე განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები კარლ ჰარცელთან ევროკავშირში ინტეგრაციისთვის გადასადგმელ ნაბიჯებს, მათ შორის, შარლ მიშელის შეთანხმების შესრულების საკითხს განიხილავენ.

„ევროკავშირში ძალიან ინტენსიურად მსჯელობენ იმაზე, თუ როგორ უნდა წავიდეს წინ ის პროცესი, რომელიც ახლავს განაცხადის შეტანას უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის მხრიდან. ჩვენ საქმე გვაქვს არაორდინარულ ვითარებასთან და შესაბამისად, დღეს ევროკავშირშიც მსჯელობენ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იმოძრაოს ევროკავშირმა წინ ამ საკითხზე, რადგან უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე, ერთი მხრივ, დღის წესრიგში დგას ამ პროცესის დაჩქარება და მეორე მხრივ, არსებობს კონკრეტული გამოწვევები, რომლებიც უკავშირდება ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ჩვენ გვაინტერესებს ევროკავშირის ელჩთან მიმოვიხილოთ ის პროცესები, რომელიც ახლა მიმდინარეობს ევროკავშირში და ასევე, ჩვენი პოზიცია თავიდანვე იყო, რომ დიახ, ჩვენი თვალსაზრისით საქართველომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიიღოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, მაგრამ ეს უნდა მოხდეს და ვერ მოხდება იმის გარეშე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ განახორციელოს ის რეფორმები, რომლებზეც ჩვენ შევთანხმდით სწორედ ევროკავშირის წარმომადგენლობაში, რის შედეგადაც ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას. ამ შეთანხმებას ჰქვია „საქართველოს გზა ევროპისკენ“ და სწორედ ამაზე ვაპირებთ საუბარს ელჩთან, თუ რა არის ის გადაუდებელი ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადადგას, რათა საქართველოს ჰქონდეს წარმატება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.