სალომე სამადაშვილი - ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ელოდებიან პოლიტიკურ ცვლილებებს საქართველოში, რომ ქვეყანა რეალურად დაბრუნდეს დასავლურ ორბიტაზე
სალომე სამადაშვილი - ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ელოდებიან პოლიტიკურ ცვლილებებს საქართველოში, რომ ქვეყანა რეალურად დაბრუნდეს დასავლურ ორბიტაზე

ოპოზიციონერი დეპუტატის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, 13 კონგრესმენის მიერ მომზადებული დოკუმენტის ფონზე, ოპოზიცია ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გამოიყენოს შესაძლებლობის ფანჯარა, საპყრობილედან გაათავისუფლოს გიორგი რურუა, შეცვალოს კონსტიტუცია და მოემზადოს სამართლიანი არჩევნებისთვის.

როგორც ჟურნალისტებს სამადაშვილმა განუცხადა, კონგრესმენების სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც ძალიან გავლენიანი ჯგუფის მიერ მომზადდა, არის იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა დაიცვას აშშ-მა საკუთარი სტრატეგიული ინტერესები რეგიონში.

„დოკუმენტში ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ არის მოხსენიებული, როგორც რუსეთის ხელისუფლების მოკავშირე რეგიონში. ეს ერთადერთ რამეს ნიშნავს, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ელოდებიან იმ პოლიტიკურ ცვლილებებს საქართველოში, რომელიც ქვეყანას რეალურად მისცემს შესაძლებლობას, დაბრუნდეს დასავლურ ორბიტაზე და ჩამოეხსნას რუსეთის რეგიონალური გავლენის სფეროს. ეს განცხადება ნიშნავს ერთადერთ რამეს – ბიძინა ივანიშვილს ერთადერთი გზა დარჩა, 8 მარტის შეთანხმების ყველა პირობის შესრულება, ოქტომბერში სამართლიანი და თავისუფალი არჩვენების ჩატარება, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების შედეგის უპირობოდ მიღება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ივანიშვილი, რომელიც უკვე ღიად გახდა სანქციების სამიზნე აშშ-ს კონგრესის მხრიდან, რისკის ქვეშ დააყენებს საკუთარ მომავალს და არა მხოლოდ პოლიტიკურ მომავალს. დღეს არჩევანი არის ივანიშვილის ხელში”, – განაცხადა სამადაშვილმა.