სალომე სამადაშვილი - ჩვენი ქვეყნის ინტერესშია, რომ მოლაპარაკებების პროცესი წარმატებული იყოს და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ
ჩვენი ქვეყნის ინტერესშია, რომ მოლაპარაკებების პროცესი წარმატებული იყოს და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, კარგია, რომ მედიატორთან პრობლემების სიღრმისეულად განხილვის შესაძლებლობა მიეცათ.
„ცხადია, ჩვენი სურვილია ეს მოლაპარაკებები შედეგით დასრულდეს. კარგია, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მედიატორთან სიღრმისეულად განვიხილოთ პრობლემები. საკვანძო საკითხად რჩება პოლიტპატიმრების გათავისუფლება და შეთანხმება იმაზე, როგორ უნდა აღვადგინოთ ქვეყანაში დემოკრატიული საარჩევნო პროცესი. ვფიქრობ, პროცესის წარმატებით დასრულება, რომელსაც ევროკავშირი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს, პირველ რიგში ხელისუფლების ინტერესებში შედის.
მოლაპარაკებების წითელი ხაზებით დაწყება დამაზიანებელია სწორედ ხელისუფლებისთვის, რადგან ყველა ის საკითხი, რომელსაც ოპოზიცია აყენებს, ვხედავთ, რომ ჩვენს დასავლელ პარტნიორებში სრული მხარდაჭერით სარგებლობს. მოლაპარაკებების პროცესში იმაზე საუბარი, ვის რისი დათმობა მოუწევს, ჩემი აზრით, არაა სწორი. ჩვენი ქვეყნის ინტერესშია, რომ მოლაპარაკებების პროცესი წარმატებული იყოს და ჩვენი მხრიდან ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“, – განაცხადა სამადაშვილმა.
მან ასევე კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე.
„ვფიქრობ, 6 წლის ბავშვსაც გაუჭირდება დაიჯეროს, რომ ეს ჩანაწერები გაკეთებული იყო წინა ხელისუფლების დროს და დღის სინათლე დღემდე ვერ ნახა. მგონი, საზოგადოება ისეთი დაბალი ინტელექტის არ არის, რომ მსგავსი ახსნა მიიღოს“, – აღნიშნა სამადაშვილმა.